ხვალ ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდება, - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ავრცელებს.
სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ ხვალიდან NATO უფრო ძლიერი გახდება, ფინეთი კი - გაცილებით უსაფრთხო და სტაბილური.
„ხვალ ჩვენ NATO-ს შტაბ-ბინაში ფინეთის დროშას აღვმართავთ. ეს შესანიშნავი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სიძლიერისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ფინეთმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიიღო.
ქვეყანას რუსეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს. 1939 წელს კი საბჭოთა კავშირი ფინეთში შეიჭრა, რაც ისტორიაში „ზამთრის ომის“ სახელით შევიდა.