NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოკავშირეების ყოველწლიურად მინიმუმ €40 მილიარდის გამოყოფას სთხოვს, რაც უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას მოხმარდება - ამის შესახებ Reuters-ს ალიანსის წყარომ განუცხადა.
თავად სტოლტენბერგს სამხედრო დახმარების მოცულობა ამ დრომდე საჯაროდ არ გაუჟღერებია, თუმცა NATO-ს ოფიციალური წარმომადგენლები საუბრობდნენ დაფინანსების ვერსიაზე. რომელიც ჯამში €100 მილიარდიანი დაფინანსების 5 წლიან პერიოდზე განაწილებას გულისხმობდა, წლიურად €20 მილიარდის ოდენობით.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს პრაღაში 31 მაისს გამართავენ. ვინაიდან, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამერიკის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის უფრო გრძელვადიანი დახმარების მოდელზე იმსჯელებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინის დახმარების პაკეტის დეტალებზე კონცენტრირდებიან, მისი საბოლოო ვერსია კი კენჭისყრისთვის NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე 9-11 ივლისს წარდგება, სადაც ასევე განხილული იქნება ცვლილებები იარაღისა და ტყვია-წამლის მარაგების ორგანიზების გზების ცვლილებაზეც.
წყაროს თქმით, უკრაინის დახმარების ამჟამინდელი დონე NATO-მ მინიმალურ ზღვრად უნდა დაისახოს და გაამართლოს უკრაინის პროგნოზები, ვიდრე მას ეს სჭირდება. მისივე თქმით, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოკავშირეები წლიურად, საშუალოდ, €40 მილიარდ ევროს გამოყოფდნენ.
აღსანიშნავია, რომ გერმანულ გაზეთ Handelsblatt-ის ცნობითაც, €40 მილიარდი იქნება თანხა, რომლის შეგროვებასაც სტოლტენბერგი მოკავშირეებს სთხოვს.
მანამდე, სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარების NATO-ს მიერ კოორდინირება შესთავაზა, რაც ალიანსს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ომში უფრო უშუალო როლს მიანიჭებდა.
30 მაისს განცხადება მოსკოვმაც გაავრცელა და აშშ, NATO და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კიევის “უაზრო ომის” წახალისებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები ზედმეტად დიდ დროს ანდომებენ მოლაპარაკებებს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას.