მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტოლტენბერგი ფიქრობს, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში 10-წლიანი ომისთვის უნდა იყვნენ მზად

უკრაინა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის - ამის შესახებ სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პარადოქსია, რომ რაც უფრო დიდ ხანს იქნება დასავლური ალიანსი ომისთვის მზად, მით უფრო მალე იპოვიან გამოსავალს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინის დასახმარებლად საკუთარი ჩართულობის გასაზრდელად მოემზადონ, რადგან, აშშ-ის საპარლამენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ, შესაძლოა, უკრაინას ამერიკული სამხედრო დახმარება შეუჩეროს.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა იყვნენ თუ არა NATO მოკავშირეები მზად სცენარისთვის, რომელშიც უკრაინაში ომი 10 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, სტოლტენბერგმა დადებითად უპასუხა.

“თუმცა მთავარი გზავნილი ისაა, რომ რაც უფრო ძლიერი და ხანგრძლივი იქნება უკრაინის მხარდაჭერა, მით უფრო ადრე დასრულდება ომი. პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ შეუძლია, პროცესი დროში გაწელოს - ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც შევძლებთ ნათლად გამოვხატოთ, რომ მზად ვართ გრძელვადიანი ბრძოლისთვის და უკრაინის უშრეტი მხარდაჭერისთვის, მხოლოდ მაშინ გვექნება შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ უკრაინამ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნოს”, - ამბობს სტოლტენბერგი.

NATO-ს გენმდივნის განცხადება გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ბერლინი 2025 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ბიუჯეტს გაანახევრებს.

“დრო იმისთვის, რომ დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია, ახლაა, ადგილი კი - უკრაინაა”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციას სტოლტენბერგი 10 წელია იკავებს. მას ოქტომბრიდან ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რიუტე ჩაანაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები