მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO ფართოვდება - რას ნიშნავს შვედეთის გაწევრიანება ალიანსისთვის?

შვედეთი - ნატო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, იგივე NATO-ს კარი უკანასკნელად 2023 წელს გაიღო, როცა ორგანიზაციაში ისტორიულად ნეიტრალური ფინეთი გაწევრიანდა. მიმდინარე წელს კი, სამხედრო ალიანსის კარი კიდევ ერთხელ გაიღება და მსოფლიოს საუკეთესო ჯარების მქონე ქვეყნების ექსკლუზიურ კლუბში კიდევ ერთი ისტორიულად ნეიტრალური სახელმწიფო - შვედეთი გაწევრიანდება. თავად ის ფაქტი, რომ ორივე ზემოხსენებული ქვეყანა დეკადების განმავლობაში ნეიტრალური იყო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ვლადიმირ პუტინის უკრაინული ომი რომ არა, შესაძლოა, ფინეთი და შვედეთი NATO-ში არც არასდროს გვეხილა.

თუმცა სანამ მოგიყვებით, თუ რას ნიშნავს ფინეთისა და შვედეთისა გაწევრიანება NATO-ში, მოგიყვებით, თუ რატომ იკავებდნენ ეს ისედაც ძალიან განვითარებული, მდიდარი, და რაც მთავარია, სამხედრო სიძლიერით გამორჩეული სახელმწიფოები თავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ.

ფინეთით დავიწყოთ, რადგან ამ ქვეყანას რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი, შეიძლება ითქვას, არამეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. საქმე ისაა, რომ ფინეთი და რუსეთის ფედერაცია მეზობელი სახელმწიფოები არიან და 1,300-კილომეტრიან საზღვარსაც იყოფენ. ეს საზღვარი, რუსულ ჯარებს არაერთხელ გადაუკვეთია და ომები, რომლებიც 1939-ში და 1944-ში ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დაიწყო, ამის დასტურად გამოდგება.

აი, ამ მეორე ომის შემდეგ, ფინეთი, რომელიც გეოგრაფიული ზომით რუსეთზე გაცილებით მცირე სახელმწიფოა, იძულებული გახდა, გარკვეულწილად, რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაზე უარი ეთქვა. ამ პროცესს “ფინეთიზაცია” და ის მრავალი წლის, შეიძლება ითქვას ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - ფინეთმა დასავლეთისკენ გაიხედა, ევროკავშირში გაწევრიანდა და ევროზეც გადავიდა. თუმცა NATO-ში გაწევრიანებას ქვეყანა ნამდვილად არ გეგმავდა.

განსხვავებული ისტორიული ფონი იყო შვედეთში, რომელსაც არც პირველ მსოფლიო ომში მიუღია მონაწილეობა, არც მეორეში - სკანდინავიური ქვეყანა, დიდად, არც ცივ ომში იყო ჩართული. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, შვედეთი ყოველთვის დასავლურ სახელმწიფოდ პოზიციონირებდა და მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებად სამხედრო ნეიტრალიტეტი მიაჩნდა, ქვეყნის ჯარი ვითარდებოდა, ხოლო თავად სახელმწიფო NATO-სთან მაინც თანამშრომლობდა, მაგრამ ფარულად. სკანდინავიური ქვეყნის მიდგომა, რეალურად, რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამო შეიცვალა, მაგრამ არა 2022 წელს, როგორც ეს ფინეთის შემთხვევაში მოხდა, არამედ ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია გამოაცხადა.

მაშ, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რას მისცემს ფინეთისა და შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანება უშუალოდ NATO-ს? ამ კითხვაზე პასუხს ბალტიის ზღვაში უნდა ვეძებოთ, რომელიც, ამ დრომდე, სამხედრო ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე არამდგრად წერტილად ითვლებოდა. საქმე ისაა, რომ ამ რეგიონში სამი პოსტსაბჭოთა ქვეყანა არის მოქცეული, მათ შორის ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა და თითოეული მათგანი, როგორც საქვეყნოდაა ცნობილი, მუდმივად რჩება რუსეთის გეოპოლიტიკურ რუკაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები NATO-ში ჯერ კიდევ 2004 წელს შევიდნენ.

თან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მანამ, სანამ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანდებობდნენ და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დღეს, შვედეთი ალიანსის წევრი ჯერ ოფიციალურად არ არის, ერთადერთი სახმელეთო კავშირი რომელიც ალიანსს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ჰქონდა - პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარე სუვალკიის დერეფანი იყო, რომელსაც, გვერდით, რუსული კალინინგრადი აქვს.

თუმცა საქმე მხოლოდ გეოპოლიტიკაში არ არის, რადგან შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებით, NATO-მ ორი ძალიან სანდო, გამართული, დემოკრატიული და, რაც მთავარია, სამხედრო კუთხით ძალიან ძლიერი და მდგრადი პარტნიორი დაიმატა. ეს ყველაფერი, ცხადია, რიცხვებითაც დასტურდება.

ამ ორ ქვეყანას შორის უფრო დიდი ჯარი უდავოდ ფინეთს ჰყავს, მაგრამ სამხედრო შეიარაღებით აშკარად შვედეთი ლიდერობს. ფინეთს 23,800 აქტიური ჯარისკაცი ჰყავს, როცა შვედეთში ეს რიცხვი 14,600-ია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თუ შვედეთს რეზერვში სულ რაღაც 10,000 ჯარისკაცი ჰყავს, ფინეთის შემთხვევაში ეს რიცხვი 216,000-ს უდრის, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 4%-ია.

საბრძოლო შეიარაღების კუთხით, უდავო ლიდერი შვედეთია - მას უფრო მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ხომალდი ჰყავს და წყალქვეშა ნავი ჰყავს, მაგრამ საარტილერიო ქვემეხის რაოდენობით ფინეთი ლიდერობს.

მას, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე რუსეთი, რომლის საწინააღმდეგოდაც შეიქმნა NATO თავის დროზე? როგორც ვლადიმირ პუტინი თავის დროზე ამბობდა, უკრაინაში “სამხედრო ოპერაცია” მისმა ქვეყანამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებისა და გაერთიანებაში უკრაინის პოტენციური შესვლით გამოწვეული საფრთხეების გასანეიტრალებლად დაიწყო. ომის ორი წლის თავზე კი, უკრაინა ჯერაც ომშია, ხოლო NATO ისედაც გაფართოვდა, თანაც ისე, როგორც ამას არავინ მოელოდა.

როგორც ოფიციალური მოსკოვი 2022 წელს ამბობდა, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, ქვეყანა საზღვართან ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, კალინინგრადში ეს ისედაც მოხდა. ამგვარად, შვედეთის ოფიციალური გადაწყვეტილების შემდეგ, მოსალოდნელია რუსეთმა ფინეთის საზღვართან საჩვენებელი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩაატაროს. ცხადია, ქვეყანა არც კიბერშეტევებს მოაკლებს და არც ჯაშუშობას.

ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ დღეს მედიასთან რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ NATO-ს წევრი სახელმწიფოების სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდებიან, რასაც, სხვათა შორის, დასავლური ქვეყნები აქტიურად განიხილავენ, რუსეთსა და NATO-ს შორის ომი - გარდაუვალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები