მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა, მადრიდის “რეალმა” რეკორდული 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც სპორტულ გუნდებს შორის ახალი ისტორიული მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა გასულ სეზონში მოედანზე დამაბრკოლებელი წარუმატებლობები განიცადა მათ შორის "ლა ლიგაში" მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამოვარდა, ის მოედნის გარეთ კვლავაც დომინანტურ ბრენდად რჩება.
“რეალმა“ 2024-25 ფინანსურ სეზონში $1.4 მილიარდის შემოსავალი გამოაცხადა, რაც წინა წელთან შედარებით 10.4%-ით მეტია. ის პირველი საფეხბურთო კლუბი გახდა, რომელმაც 1 მილიარდი ევროს ზღვარი გადალახა. მანამდე რეკორდი 2018-19 წლების სეზონში 990 მილიონი ევროთი “ბარსელონას“ ეკუთვნოდა.
მადრიდის რეალის შემოსავალი, ისტორიაში ყველაზე მაღალი შემოსავალია, რომელიც პროფესიონალურ სპორტულ ფრენჩაიზს ოდესმე ჰქონია ერთ ფინანსურ წელს. მაგალითად, NFL-ის “დალას ქოვბოისმა” $1 მილიარდს პირველად 2022 წელს გადააჭარბა და გამოცემა Sportico-ს მონაცემებით, მათი უახლესი წლიური შემოსავალი $1.2 მილიარდია. MLB-ის “ლოს-ანჯელეს დოჯერსიც” მილიარდიან კლუბს შეუერთდა, როცა 2024 წლის მსოფლიო სერიების პერიოდში მათი მთლიანი შემოსავალი $1 მილიარდად შეფასდა.
“რეალის“ ცნობით, შემოსავალი შემცირდა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო დაბალი ანაზღაურების გამო, ვინაიდან კლუბმა ტურნირის მოგება ვერ მოახერხა. ასევე შემცირდა "ლა ლიგის" ანაზღაურება. თუმცა მერჩენდაიზინგისა და სპონსორობის მიმართულებით შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. ეს გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კლუბმა მაისურის სახელის სპონსორი პირველად მოიპოვა: ტექნოლოგიური გიგანტი HP, რომელიც ესპანურ კლუბს 2024 წლის თებერვალში დაუპარტნიორდა. ასევე, ეს იყო პირველი სრული ფინანსური წელი, როდესაც სტადიონის რეკონსტრუქციის გამო დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა და “სანტიაგო ბერნაბეუზე” ხუთწლიანი სამუშაოები დასრულდა.
კლუბის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სტადიონის ინვესტიციის მთლიანი მოცულობა უკვე $1.58 მილიარდს შეადგენს და თითქმის დასრულების ეტაპზეა. დარჩენილი სამუშაოები კვების სერვისებს და კონცერტებისთვის ხმის იზოლაციის გაუმჯობესებას მოიცავს.
ამ ფინანსურ შედეგებში ნაწილობრივ აისახა FIFA-ს 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატიც, რომელიც ივნისის ბოლოს მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ მადრიდელები ნახევარფინალში “პარის სენ-ჟერმენთან“ დუელში გავარდნენ. დარჩენილი შემოსავლები და ხარჯები შემდეგ ფინანსურ წელს (2025-26) აისახება. კლუბმა პირველ გაფართოებულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დაახლოებით $82 მილიონის პრიზი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Sportico-ს ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ღირებულება $6.53 მილიარდია, რაც მას მთლიან სპორტულ ფრენჩაიზებს შორის მე-15 ადგილს ანიჭებს. ლიდერები კვლავაც NFL-ის გუნდები არიან, მათ შორის პირველ ადგილზე მყოფი “დალას ქოუბოისი”, რომელიც $10.3 მილიარდადაა შეფასებული.




























