ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს “დღეები დათვლილია”. სატელევიზიო პროგრამა 60 Minutes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შტატების ლიდერმა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით საზღვაო და საჰაერო ძალების მობილიზაციაზე და ვენესუელასთან შესაძლო ომზე ისაუბრა. მან განმარტა, რომ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობდა ის ვენესუელას პრეზიდენტის მმართველობის მომავალზე, ტრამპმა უპასუხა “მადუროს ძალაუფლება დღითი დღე სუსტდება. მისი დღეები დათვლილია”.
შეგახსენებთ, გასული კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვაში მასობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, მსოფლიოს უდიდესი სტრატეგიული ავიამზიდი USS Gerald Ford-ი ვენესუელას აკვატორიის სიახლოვეს განათავსა და რეგიონში ბირთვული წყალქვეშა ნავიც შეიყვანა.
ამასთან, მთელი კვირის განმავლობაში, შტატების შეიარაღებული ძალები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ანადგურებდნენ ვენესუელას აკვატორიიდან გამოსულ კატერებს, რომლებითაც, პენტაგონის ცნობით, ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდათ.




























