გავლენიან გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელასთან არსებულ დაპირისპირებაზე, ასევე მის პრეზიდენტსა და შესაძლო სამხედრო მოქმედებაზე ისაუბრა. ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ ვენესუელას დიქტატორის, ნიკოლას მადუროს “დღეები დათვლილია”.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავდა თუ პრეზიდენტი ომის დეპარტამენტისთვის სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე თანხმობის გაცემას, ტრამპმა ეს სცენარი არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნარკო-ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.
ცნობისთვის, ტრამპის ამ ინტერვიუს და ვენესუელასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის დაწყებას წინ შტატების რამდენიმეკვირიანი სამხედრო სამზადისი და მადუროს ხელისუფლების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები უძღოდა. ამერიკის ომის დეპარტამენტმა, იგივე პენტაგონმა ვენესუელას ტერიტორიულ წყლებთან მსოფლიოს ყველაზე დიდი ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი, ასევე სამხედრო ფრეგატები და გამანადგურებელი ავიაცია უკვე განათავსა. ამასთან, ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შტატებმა ჩაკეტა ვენესუელას საზღვაო და საჰაერო საზღვრები.
აღსანიშნავია, რომ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპსა და ნიკოლას მადუროს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, სადაც შტატების პრეზიდენტი ვენესუელას დიქტატორს და მის ოჯახს ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვებას სთავაზობდა, თუმცა მადურომ ტრამპს რამდენიმე ულტიმატუმი წამოუყენა, მათ შორის, არამარტო მისი და მისი ოჯახის, არამედ გარემოცვის უსაფრთხო ევაკუაცია. ასევე საერთაშორისო გარანტიები, რომ მათ არავინ არსად დაიჭერდა. ამერიკული მედია ასევე ავრცელებდა ცნობებს, რომ მადურომ პრეზიდენტის პოსტის დათმობის სანაცვლოდ ქვეყნის თავდაცვის ძალებზე კონტროლის შენარჩუნება მოითხოვა, თუმცა ამ და ყველა სხვა დასახელებულ წინაპირობაზე ტრამპმა უარი განაცხადა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ნიკოლას მადურო იმ ნარკო-კარტელის ხელმძღვანელად ჰყავს გამოცხადებული, რომელიც შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკების ექსპორტს ახორციელებს. ამ ბრალდების გამო ამერიკის ხელისუფლებას მადუროს დაკავებისთვის $50-მილიონიანი ჯილდოც აქვს დაწესებული.




























