ლოგისტიკურმა გიგანტმა, დანიურმა Maersk-მა ახალი გემი წარადგინა, რომელიც საწვავად იყენებს, როგორც ტრადიციულ საწვავს, ასევე მეთანოლს, რაც კომპანიის მიერ ფლოტის გამწვანებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მეთანოლი, რომელსაც ასევე გამოიყენებენ ინდუსტრიულ და ქიმიურ წარმოებაში, უმეტესწილად, ბუნებრივი წიაღისეულიდან მზადდება, მაგრამ არსებობს მწვანე მეთანოლიც, რომლის შექმნა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით არის შესაძლებელი.
როგორც Maersk-ში ამბობენ, მწვანე მეთანოლზე მომუშავე გემები დღეში 280 ტონა ნახშირორჟანგით ნაკლებს გამოყოფენ, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ფლოტში მხოლოდ თორმეტი გემის ჩანაცვლებით, Maersk-ი წელიწადში 1.5 მილიონ მეტრულ ტონა ნახშირორჟანგს დაზოგავს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს გამოყოფილი გამონაბოლქვი. ამ დროისთვის, Maersk-მა ოცდახუთი ასეთი გემი შეუკვეთა, ხოლო მთლიანად სექტორის კომპანიებზე 170 შეკვეთა ფიქსირდება.
დანიური Maersk-ი ჭეშმარიტი ლოგისტიკური გიგანტია, რომლის ფლოტში 700-მდე საკონტეინერო გემს ვხვდებით, რომელთა ჯამური ტვირთამწეობა 4.2 მილიონი TEU კონტეინერის ტოლია. Maersk-ის ახალი გემი, სახელწოდებით A.P. Møller კორეული გიგანტის, Hyundai Heavy Industries-ის მიერ არის აწყობილი — ის 350 მეტრის სიგრძისაა და 16,500-ზე მეტი TEU კონტეინერის გადატანა შეუძლია. ასეთი გემების ყოლის შესაძლებლობას დანიურ კომპანიას მისი მასშტაბი აძლევს. გასულ წელს, Maersk-მა $51.1 მილიარდის შემოსავალი და $4 მილიარდის საოპერაციო მოგება მიიღო. Maersk-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $25.5 მილიარდს აღემატება.
დღეს, მეთანოლის წარმოებისთვის უმეტესწილად სამი წყარო გამოიყენება, ესენია ბუნებრივი აირი, ქვანახშირი და განახლებადი წყაროები. მეთანოლის უდიდესი ნაწილი ბუნებრივი აირის დამუშავებით იწარმოება, ანუ დღეს, ამ საწვავის ფასი, დიდწილად, სწორედ გაზის ფასებს არის მიბმული. ჩინეთის მსგავს განვითარებად ქვეყნებში მეთანოლს უმეტესწილად ქვანახშირის დახმარებით აწარმოებენ, რაც შედარებით იაფი, მაგრამ ბუნებისთვის გაცილებით საზიანო გზაა. მესამე ვარიანტად მწვანე მეთანოლის წარმოებისთვის ბიომასის ან ატმოსფეროდან შთანთქმული ნახშირორჟანგის გამოყენება რჩება, მაგრამ ეს ტექნოლოგია შედარებით ახალი და შესაბამისად, საკმაოდ ძვირია.
დღეს, ტონა მეთანოლი ბირჟაზე $350-ად ივაჭრება და ერთი წლის ჭრილში, მისი ფასი 5%-ითაა მომატებული. მეთანოლის ყველაზე მაღალი ფასი 2021 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, როცა ტონა საწვავი $590-მდე ღირდა.