ტურისტული ბიზნესის შეფასებით, ქართველი მოგზაურები საზღვარგარეთ მიმართულებების შერჩევისას ძირითადად მაინც ბიუჯეტურ დანიშნულების ადგილებს ირჩევენ, თუმცა როგორც Check-in Travel-ის დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, წელს მაღალბიუჯეტური მიმართულებიდან გამოკვეთილად გაზრდილია ინტერესი დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე.
საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის კუთხით გაიზარდა როგორც საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების საზღვარგარეთ გასვლის მაჩვენებელი, ისე რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტები, რამაც 412 ათასი შეადგინა. ეს კი 2,6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.
როგორც გამოიკვეთა ეს ზრდა უფრო მეტად ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გადავადებულ მოთხოვნას უკავშირდება.
“საკმაო ზრდა გვიფიქსირდება. მოგეხსენებათ, შარშან როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო არასახარბიელო, რთული პერიოდი გადავიარეთ, არა მხოლოდ ჩვენმა კომპანიამ, არამედ ზოგადად ქვეყანამაც და ბუნებრივია, ტურიზმის სექტორმაც. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით მატება შესამჩნევია.
ჩვენ დაგვემატა დოჰას მიმართულება, რომელიც საინტერესო მიმართულება აღმოჩნდა. პრაქტიკულად ყველა რეისი სრულად შევსებულია და დღემდე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჯავშნები. 21 ნოემბრიდან პირდაპირი რეისები იწყება ეგვიპტის მიმართულებით, შარმ-ელ-შეიხში, რომელიც შეჩერებული იყო და პრაქტიკულად პირველი ორი-სამი რეისი თითქმის სრულად შევსებულია.
რაც შეეხება სხვა მიმართულებას, ევროპის მიმართულება ყოველთვის იყო ქართველი დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი ტოპ მიმართულება და წელსაც საკმაოდ აქტიურად იჯავშნება ისეთი ქვეყნები, სადაც უფრო აქტიურად არის საშობაო ბაზრობები.
შედარებით უფრო მაღალბიუჯეტური ტურებიდან, ჩვენ და გასაკვირად დიდი ბრიტანეთი ლიდერობს. არ ველოდით ნამდვილად, მაგრამ შესამჩნევად გაიზარდა ჯავშნების რაოდენობა და ვიზიტორთა რაოდენობა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში”, - აცხადებს ტურისტული კომპანიის დირექტორი ლევან ოსეფაიშვილი.
რაც შეეხება ტურისტული პაკეტების ღირებულებას, მისი თქმით, ფასები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ეს ზრდა არ არის დრამატული.
ყოველწლიურად ისე ვითარდება სიტუაცია, არა მარტო ჩვენთან, ზოგადად მსოფლიოში, რომ ფასები რაც იყო შარშან, რთულია ვისარგებლოთ თუნდაც ამ წელს იგივე შეთავაზებით. მაგრამ აქაც ძალიან ბევრი ნიუანსია. ჩვენ თუ ვსარგებლობთ, პირობითად, წინასწარი ჯავშნებით, ამ შემთხვევაში ფასები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ბოლო წუთს მოგზაურობას.
პაკეტები, სადაც ჩვენ თვითონ ინდივიდუალურად ვთავაზობთ მომხმარებელს ანუ, ცალკე ვყიდულობთ ავიაბილეთებს, სასტუმროს და ა.შ, ამ შემთხვევაში უფრო შესამჩნევია ფასების ზრდა, ვინაიდან ზოგადად ავიაბილეთების ფასები არის გაზრდილი, წინა წელთან შედარებით საშუალო 10%-ით.
პაკეტებს, რომელსაც ტუროპერატორები გვაწვდიან, აქ ფასების დიდი ზრდა არ გვიფიქსირდება, თუმცა ყოველ წელს ფასები ტურიზმის სექტორში მატულობს და სამწუხაროდ, დაბლა არ მოდის”, - აცხადებს ოსეფაიშვილი.




























