ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციისა და სტამბოლის მასშტაბით რეკორდულად გაძვირებული უძრავი ქონების ფასების გამო, თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ჰაფიზე გაიე ერქანი საცხოვრებლად ქალაქგარეთ, მშობლებთან გადავიდა.
ადგილობრივ ჟურნალთან ინტერვიუში 44 წლის ერქანმა აღნიშნა, რომ ამჟამად სტამბოლის ცენტრში უძრავი ქონების შეძენა და დაქირავება უფრო ძვირია, ვიდრე ამერიკაში, მანჰეტენზე.
„სტამბოლში სახლის პოვნა ვერ შევძელით, აქ უძრავი ქონება საშინლად ძვირია. იძულებული გავხდი, საცხოვრებლად დროებით მშობლებთან გადავსულიყავი. მგონი, ახლა სტამბოლში უფრო ძვირი ღირს უძრავი ქონება, ვიდრე მანჰეტენზე“, - ამბობს თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, რომლის მთავარ მოვალეობას ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის დონის გაკონტროლება წარმოადგენს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელად ერქანი მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა. მას შემდეგ ცენტრალურმა ბანკი რეფინანსირების განაკვეთი 40%-მდე გაზარდა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის დასაძლევად და ამჟამად ოფიციალური ინფლაციის დონე თურქეთში 63%-ს აღწევს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რეალური ინფლაცია 120-დან 180%-ის ფარგლებშია.
ზოგადად, ერქანს განათლება პრინსტონის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და ის საქმიანობას ძირითადად უოლ-სტრიტზე ეწეოდა. 2014-დან 2021 წლამდე ერქანი ამერიკული First Republic Bank-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. გარდა ამისა, მას Goldman Sachs-შიც მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.