"ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მთავრობა ბიუჯეტის გადახედვას არ აპირებს და ის კვლავ 6%-იან ზრდაზე იქნება დაგეგმილი.
"ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მაჩვენებლებს მოგახსენებთ. წლევანდელი ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ზრდის პროგნოზით და 6 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 8.3%-ია, ხოლო 7 თვეში - 8%. შესაბამისად, ეკონომიკური ტენდენციები უფრო მაღალია, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს იყო გათვალისწინებული. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე მაღალი ტემპი შენარჩუნდება და 6%-ზე მაღალ ზრდას მივიღებთ, თუმცა ამ ეტაპზე ბიუჯეტის გადახედვას არ ვცდილობთ და ახლა ბიუჯეტთან ერთად შევეცდებით პროგნოზებიც განახლდეს", - განაცხადა კაკაურიძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8%-ით განისაზღვრა. 2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა.




























