ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ვარაუდობს, რომ სესხების არსებული ტენდენციის პირობებში, მაღალია შანსი, მალე, ბოლო სამი წლის მინიმუმზე ჩამოვიდეს საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი.
მან სესხების უახლეს სტატისტიკაზე შეფასება სოციალურ ქსელში დაწერა.
"თუ გინდა გაიგო, როგორი დინამიკა არის საბანკო სექტორში, ამ გრაფიკს უნდა შეხედო.
ერთი წლის წინ, მთლიანი პორტფელის ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით იყო 18,96%; ახლა, 31 მაისის მდგომარეობით, ზრდის ტემპი ჩამოვიდა 15,07%-მდე. ანუ, ერთ წელიწადში, თითქმის 4%-იანი კლება გვაქვს.
ასევე, გრაფიკზე კარგად ჩანს, რომ საბანკო სექტორმა, თავის პიკს, 2024 წლის მაისში მიაღწია და ამის მერე, ნელი, მაგრამ, შეუქცევადი დაღმასვლის დინამიკა დაიწყო.
ამასთანავე, წელს, პირველი 5 თვის შედეგების მიხედვით, გაცემული სესხების ზრდის ტემპია 7%. შესაბამისად, მგონი, ცხადი უნდა იყოს, რა მიმართულებით განვითარდება მდგომარეობა მომავალ თვეებში.
ჩემი ვარაუდით, კლების ამ ტემპით, მაღალია შანსი, რომ ძალიან მალე, ბოლო სამი წლის მინიმუმზე ჩამოვიდეს პორტფელის ზრდის ტემპი; ასევე, შანსია, რომ ვარდნა ბოლო 5 წლის მინიმუმზეც ჩამოვიდეს (ანუ, პანდემიის დროინდელ მაჩვენებლებზე უფრო დაბლა ჩამოვიდეს)",- წერს ხიშტოვანი.

სესხები წლიურად 15.07%-ით გაიზარდა - როგორია მაისის სტატისტიკა?



























