მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე ბიუჯეტიდან სულ ₾750 მილიონია დახარჯული.
აღნიშნული ინფორმაცია BMG-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიაწოდა.
მისივე ცნობით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით საქართველოს 257,412-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.
ინფორმაციისთვის: 2015 წელს ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამავე კანონით განისაზღვრა მაღალმთიანი დასახლების და ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი, რომლის მქონეებიც სხვადასხვა საგადასახადო და სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. კერძოდ, განსაზღვრულია ყოველთვიური დანამატი 20%-ის ოდენობით, როგორც სახელმწიფო პენსიაზე, ისე სოციალურ დახმარებაზე. ასევე, განსაზღვრულია ფულადი დანამატი შვილის შეძენის შემთხვევაში - პირველ და მეორე ბავშვზე ერთი წლის განმავლობაში ფულადი დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი - ორი წელი არანაკლებ 200 ლარის ოდენობით.
BMG-ის რეგიონული განვითარების სამინისტროში უთხრეს, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს 1802 დასახლებას, მათ შორის: 9 ქალაქს, 21 დაბასა და 1772 სოფელს (საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 49%).
„კანონით დადგენილი შეღავათებისათვის, კანონის ამოქმედებიდან, სულ გაიცა 750 მილიონამდე ლარი შვილის შეძენისას ოჯახებისათვის; პენსიონერთათვის; ექიმებისა და ექთნებისათვის; საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მწვრთნელთა დანამატის სახით; მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათისათვის და სხვა.
კანონით დადგენილია საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებების ფიზიკური პირებისა და საწარმოებისათვის: საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის, ქონების გადასახადის ნაწილში. დღეის მდგომარეობით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით სარგებლობს 555 საწარმო“, - წერია სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილობით პასუხში.
გარდა ამისა, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის საფუძველზე შეიქმნა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი და როგორც სამინისტროდან მოგვწერეს, 2016 წლიდან დღემდე მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან მაღალმთიან დასახლებებში განხორციელდა 180 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები და პროგრამები.
„მათ შორის დაფინანსდა საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე, ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორებიცაა: „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“; „დანერგე მომავალი“; „სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების 27 მარტი 2025 MRDI N 01/575 2 მხარდაჭერის პროგრამა“; „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის თანადაფინანსების პროგრამა“; პარამედიკოსების პროგრამა; მზის პანელებით უზრუნველყოფის პროგრამა; ფშავხევსურეთის ინტერნეტიზაციის პროგრამა და სხვა“, - აცხადებენ სამინისტროში.