მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის შესახებ მონაცემთა ელექტრონულ რეესტრში 4,540 გარდაცვლილი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აქტიური პირის სტატუსით სარგებლობდა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტიდან ირკვევა, რომელიც 2019-2023 წლებს მოიცავს. აუდიტის მიზანი იყო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის და „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიით“ განსაზღვრული წინაპირობების ეფექტიანობის შეფასება.
საქმე ის არის, რომ 2015 წელს ამოქმედებული „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით, განისაზღვრა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, რომელიც დღეს მინიჭებული აქვს 1802 დასახლებას. ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი აქვს მინიჭებული საქართველოს 257,412-ზე მეტ მოქალაქეს.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სოციალური შეღავათია განსაზღვრული. კერძოდ, ყოველთვიურ დანამატი 20%-ის ოდენობით, როგორც სახელმწიფო პენსიაზე, ისე სოციალურ დახმარებაზე. ასევე, განსაზღვრულია ფულადი დანამატი შვილის შეძენის შემთხვევაში - პირველ და მეორე ბავშვზე ერთი წლის განმავლობაში ფულადი დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი - ორი წელი არანაკლებ 200 ლარის ოდენობით.
ეფექტიანობის აუდიტში, რომელიც 2019-2022 წლებს მოიცავს, მითითებულია, რომ 2023 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, რეესტრში აქტიური სტატუსით ფიქსირდება 4,540 გარდაცვლილი, 49 მოქალაქეობა დაკარგული და 2023 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, 213 მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი.
აუდიტის სამსახურში BMG-ის დამაზუსტებელი კითხვების პასუხად განუცხადეს, რომ 4,540 გარდაცვლილს სოციალური შეღავათებით არ უსარგებლია ანუ ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად არ დახარჯულა, თუმცა ამავე ანგარიშში წერია, რომ „მუნიციპალიტეტების მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების და არასათანადო კონტროლის მიზეზით, საპენსიო და სოციალურ პაკეტზე დანამატს იღებენ მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, რომლებიც მაინც აქტიური სტატუსით ირიცხებიან სააგენტოს მიერ წარმოებულ რეესტრში. სულ 2018-2023 წლებში ზედმეტად გაცემული დანამატის თანხამ შეადგინა 41,948 ლარი.
„აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რეესტრში აქტიური სტატუსით დღემდე ირიცხებიან პირები, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არიან გარდაცვლილები, მოხსნილნი არიან მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან ან შეწყვეტილი აქვთ მოქალაქეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში მონაცემთან ელექტრონულ რეესტრში ინფორმაცია აისახება მნიშვნელოვანი დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, მაღალია სოციალური დახმარების არამიზნობრივად გაცემის რისკი.
შერჩეულ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული შეტყობინებები სტატუსის მქონე პირების გარდაცვალების, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, მუნიციპალიტეტების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, რჩებოდა რეაგირების გარეშე და აღნიშნული პირებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებები არ მიეწოდებოდა სააგენტოს, შესაბამისად არ ხდებოდა რეესტრში ცვლილებების ასახვა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.
ა(ა)იპ − მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, რიგ შემთხვევაში სააგენტოსთვის ინფორმაციის მოწოდება შეფერხებული იყო ტექნიკური ხარვეზების ან სისტემის გაუმართაობის გამო, ხოლო იმ ხარვეზებზე, რომლებიც ძველი წლების საქმეებს უკავშირდება, დაუდგენელია გამომწვევი მიზეზები“, - წერია აუდიტის ანგარიშში.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტის მიგნებები
- მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ასახული ინფორმაცია არ არის ზუსტი და არ წარმოადგენს სანდო წყაროს.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების საფუძვლის არსებობის შესახებ.
- 2019-2022 წლებში მონიტორინგი მიმდინარეობდა ხარვეზებით.
- მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე ზედამხედველობა ატარებს ფორმალურ ხასიათს.
- აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ დანამატის გაცემის შემთხვევები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
- სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით დაინერგოს მონაცემთა გაცვლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი უწყებების მიერ, სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას.
- სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მონაცემთა ელექტრონული ბაზების სწორად ფორმირების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, როგორც სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული, მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივი ზედამხედველობის ვალდებულების მქონე უწყებამ, დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტების მიერ ბრძანებების სისტემაში დროულად ასახვას და სააგენტოსთვის მიწოდებას; სააგენტოსთვის მმს-ის საშუალებით ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, მუნიციპალიტეტების მიერ სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დროულად შეტყობინებას.
- სამინისტრომ მუნიციპალიტეტების მიერ სტატუსის მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელების და მონიტორინგის შედეგად უფლებამოსილი პირების მიერ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების პრევენციის მიზნით, შეიმუშაოს სარეკომენდაციო ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს მონიტორინგის ფარგლებში შესამოწმებელ პირთა შერჩევა, მონიტორინგის ჩატარების პერიოდი, პირის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების მიზნით განსახორციელებელი ვიზიტების რაოდენობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მონიტორინგის შედეგებსა და იმ პირების გამოვლენაზე, რომლებსაც უნდა შეუწყდეთ/შეუჩერდეთ სტატუსი.
- მონიტორინგის დაგეგმვის ეტაპზე, შესამოწმებელ პირთა სიების სწორად ფორმირების მიზნით, სამინისტრომ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან განიხილოს მმს-ში ფუნქციონალის დამატების საკითხი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დროის კონკრეტულ მონაკვეთში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე პირთა66 ერთიანი სიის გენერირება.
- მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, სოციალური დახმარების სახით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციის მიზნით, სამინისტრომ, როგორც მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანომ, დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვანი განხორციელების ფაქტების, აგრეთვე სტატუსის ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების დროულად გამოვლენას და აღმოფხვრას.
რას პასუხობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აუდიტის სამსახურის მიგნებებს?
„სახელმწიფო აუდიტის მიერ სამინისტროსათვის გაცემულია 8 რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს სტრატეგიის შემუშავების პროცესის, დასახლებებისათვის სტატუსის მინიჭების პროცედურების და ელექტრონული სისტემის შემდგომ სრულყოფას. მოქმედი პროცესებისა და პროცედურების სრულყოფა უწყვეტი პროცესია, რომელიც უკვე მიმდინარეობდა აუდიტის დაწყებამდე. შესაბამისად, დღეისათვის სამინისტროს მიერ აუდიტის ყველა რეკომენდაციაზე მომზადებულია სამოქმედო გეგმა, დამტკიცებულია სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. ამასთან, აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციიდან 2 რეკომენდაცია უკვე შესრულებულია და აღნიშნული პროცესი გრძელდება დანარჩენ რეკომენდაციებთან მიმართებით“, - წერია BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში, მაგრამ არაა დაკონკრეტებული, რომელი რეკომენდაციები შესრულდა.
რამდენი ადამიანი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით და სულ რამდენი მილიონია დახარჯული 2015-2025 წლებში?
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, რომელიც BMG-ის გამოუგზავნეს, მაღალმთიანი დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს საქართველოს 257,412-ზე მეტი მოქალაქე. კანონით დადგენილი შეღავათებისათვის კი კანონის ამოქმედებიდან ანუ 2015 წლიდან, სულ გაიცა 750 მილიონამდე ლარი შვილის შეძენისას ოჯახებისათვის; პენსიონერთათვის; ექიმებისა და ექთნებისათვის; საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მწვრთნელთა დანამატის სახით; მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათისათვის და სხვა.