მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის 20 მლნ ლარი გამოიყოფა. შესაბამისი განკარგულება "ქართული ოცნების" მთავრობამ მიიღო.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ 17 მარტის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მაქსიმუმ 5 მლნ ლარის გამოყოფა სოფლის განვითარების სააგენტოსთვის. ეს თანხა მიიმართება "ერთიანი აგროპროექტის" პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამის - მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის დასაფინანსებლად.
ამასთან, მაქსიმუმ 15 მლნ ლარი დაიხარჯება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შესაბამისად.