დღეს, 13:00 საათზე, თბილისში ჭიათურელი მაღაროელების მორიგი საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება.
როგორც მაღაროელი და საპროტესტო აქციების მონაწილე ტარიელ მიქაცაძე Facebook-live-ში აცხადებს, მათ ორი ძირითადი მოთხოვნა ექნებათ.
"ჩვენ მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და უწყებას მოთხოვნებით: პირველ რიგში ხელფასები 3 თვეა არ დარიგებულა, რამაც ჭიათურა ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა.
ჩვენი მოთხოვნაა ასევე სამმხრივ კომისიაში ჭიათურელი მაღაროელების ჩაერთოს მაღაროელების წარმომადგენლობითი ჯგუფი.
როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო, დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებულთა წარმომადგელები უნდა დასხდნენ და ისაუბრონ რა არის გამოსავალი ჭიათურაში. დასაქმებულთა წარმომადგენლად წამოჩინდა ირაკლი პეტრიაშვილი. რასაც სრულ უნდობლობას უცხადებენ ჭიათურელი მაღაროელები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა არა ირაკლი პეტრიაშვილის ჩართულობას სამმხრივ კომისიაში, აუცილებლად იყოს ჩართული მაღაროელთა წარმომადგენელი სამმხრივ კომისიაში.
ჩვენ გავამზადეთ საბუთები და მივმართეთ ყველა ბანკსა და მთავრობას წერილობით, რომ ჩვენი საბანკო ვალდებულებები გადაიხედოს, რადგან ვალდებულებების დაფარვის პრობლემები ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეგვექმნა და ჩამოიწეროს ის არარეალური, არასწორი საპროცენტო ნამატები, რომელიც ჩვენს სესხებზეა", - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.