რძის პროდუქტების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. არანატურალური რძისგან, მცენარეული ცხიმებითა და რძის შემცვლელი ნედლეულით დამზადებული პროდუქცია როგორც შეფუთვაზე, ისე მაღაზიების თაროებზე სპეციალური ფერადი ნიშნით გამოეყოფა ნატურალურ რძის პროდუქტებს.
როგორც ყველის ასოციაციის თავმჯდომარემ და ქართული ყველის ისტორიის მკვლევარმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ BM.GE-ს განუცხადა, ახალი რეგულაცია შეეხება როგორც მწარმოებლებს, ისე სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც ვალდებული იქნებიან ასეთი პროდუქცია მომხმარებლისთვის მკაფიოდ გამიჯნულად განათავსონ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე მეხუთე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროცესს უწყების წარმომადგენელი ლაშა ვალიანი კურირებდა, ხოლო ბოლო შეხვედრა მინისტრის ინიციატივით შედგა.
მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით, სახელმწიფომ საბოლოოდ გაიზიარა სექტორის არგუმენტები, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ პროდუქტზე მცირე შრიფტით დატანილი ინფორმაციის წაკითხვა საკმარისი არ არის და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ არჩევენ, რეალურად რას ყიდულობენ.
„ჩვენ ყოველდღიურად ვმსჯელობთ, რომელი ყველია კარგი, რომელი - არა, მაგრამ ადამიანები ხშირად არ კითხულობენ ეტიკეტზე მითითებულ წვრილ ინფორმაციას. მე თავად ლუპით ან მობილურით ვადიდებ წარწერებს, რათა გავიგო პროდუქტის შემადგენლობა. ეს პრობლემა წლების განმავლობაში იდგა როგორც მომხმარებლების, ისე კეთილსინდისიერი მწარმოებლების წინაშე. საბოლოოდ, ამ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ შეიქმნას სპეციალური ნიშანი იმ პროდუქციისთვის, რომელიც ნატურალური რძისგან არ არის დამზადებული", - ამბობს ის.
მისივე განმარტებით, საუბარია ყველა იმ პროდუქტზე, რომლის წარმოებაშიც გამოყენებულია მცენარეული ცხიმები, რძის ფხვნილი ან სხვა ალტერნატიული ნედლეული.
„თუ პროდუქტი მცენარეული ცხიმით არის დამზადებული, ბუნებრივია, მას რძის პროდუქტი ვერ დაერქმევა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ასეთ პროდუქციას ექნება სპეციალური, ფერით გამოკვეთილი ნიშანი. თუმცა, ამ დროისათვის საბოლოო ვიზუალური გადაწყვეტა ჯერ დაზუსტებული არ არის“, – აღნიშნავს მიქაძე-ჩიკვაიძე.
მისი თქმით, ცვლილება მხოლოდ შეფუთვის მარკირებას არ შეეხება. ახალი წესებით, სავაჭრო ობიექტებს – სუპერმარკეტებს, ჰიპერმარკეტებსა და უბნის მაღაზიებს დაეკისრება ვალდებულება, რომ პროდუქცია, რომელიც რძისგან არ არის დამზადებული, ცალკე სივრცეში განათავსონ.
"სახელმწიფომ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. მომხმარებელს აღარ მოუწევს მარჩიელობა, პროდუქტი ნედლი რძისგანაა დამზადებული, რძის ფხვნილისგან თუ ტრანსცხიმების გამოყენებით. გარდა შეფუთვაზე დატანილი ნიშნისა, მაღაზიაშიც ფიზიკურად იქნება გამოყოფილი ადგილი ნატურალური რძის პროდუქტებისთვის და ცალკე – სხვა ნედლეულით დამზადებული პროდუქციისთვის.
არა მარტო მწარმოებლებს გაუჩნდებათ ვალდებულება, დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი – მარკეტები, სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები და უბნის მაღაზიები. ეს სწორი მიდგომაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომხმარებელმა ზუსტად იცის, სად არის ბიოპროდუქტი, სად – ნატურალური პროდუქტი და სად – ინდუსტრიული წესით დამზადებული პროდუქცია. ვფიქრობ, საქართველოც სწორედ ამ პრაქტიკას უახლოვდება“, – ამბობს მიქაძე-ჩიკვაიძე.
რაც შეეხება რეგულაციის ამოქმედების ვადებს, მისი თქმით, პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და საბოლოო დეტალები დამატებითი კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.
„მიმდინარეობს განხილვები, მათ შორის მომხმარებლებთან და მწარმოებლებთან, რათა შეფასდეს, ხომ არ შექმნის ეს რაიმე ტიპის სირთულეს. თუმცა ეს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა იყო და ვფიქრობ, გადაწყვეტილების აღსრულება ძალიან სწრაფად მოხდება. მე, როგორც ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ამ ინიციატივას სრულად მივესალმები. არასოდეს შემიქია სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა – ვულოცავ მათ, რადგან საბოლოოდ მივიღეთ შედეგი, რომელსაც სექტორი დიდი ხანია ელოდებოდა“, – განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რძის პროდუქტების მწარმოებლებს შეხვდა. როგორც უწყების პრეს-რელიზშია აღნიშნული, სამინისტროში ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის სამუშაო განხილვა გაიმართა. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული. ასევე სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებულად განთავსდება.




























