"რუსული კანონის" წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია მასშტაბური ხდება. კანონპროექტის გაპროტესტების მიზნით, საქართველოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები 13 მაისიდან გაიფიცნენ და აუდიტორიებში არ გამოცხადდნენ.
როგორც სოციალურ ქსელებში ლექტორები წერენ სტუდენტები ლექციებზე არ გამოცხადნენ თავისუფალ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
BMG-სთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები აცხადებენ, რომ სტუდენტები დღეს არც თსუ-ში გამოცხადდნენ. შესაბამის ინფორმაციას უარყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე და ამბობს, რომ დღეს ლექციები სტუდენტებისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა.
ღაღანიძე BM.GE-თან მიმდინარე პროცესების შეფასებისგან თავს იკავებს და პოზიციას არ აფიქსირებს.
“არასწორია ინფორმაცია, ლექციები მიდის ჩვეულებრივად. მთელი ადმინისტრაცია არის მაღლივში, ჩვეულებრივად ტარდება ლექციები, ლექციები უტარდებათ სტუდენტებს. ნაწილს უტარდება, ნაწილს გამოცდები აქვს”, - ამბობს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი.
ცნობისთვის, დღეს სტუდენტების მარში საღამოს 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიმართება, სადაც სტუდენტები აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.