"მაგთიმ" 5G ინტერნეტი უკვე გაუშვა, კომპანიამ გუშინ გაიმარჯვა კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სიხშირულ აუქციონში და 5G სიხშირეების გამოყენების ლიცენზია მთლიანობაში 149 მილიონ ლარად შეიძინა. დღეიდან კი კომპანიამ მომხმარებლებისთვის 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო. მეხუთე თაობის ინტერნეტზე გადასვლასთან დაკავშირებით "მაგთის" დირექტორთა საბჭომ დღესვე პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომპანიის იურისტმა ლევან გიორგაძემ BMG-ის უპასუხა, რომ ისინი ასაჩივრებენ აუქციონის საწყის ფასს და მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ეს სიხშირეები შეუსაბამოდ ძვირად გამოიტანა გასაყიდად.
საქმე ისაა, რომ კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის პირველი აუქციონი 2023 წელს გამოაცხადა და კომპანიებს ვალდებულებად განუსაზღვრა, რომ 5G ლიცენზიების შეძენასთან ერთად აეღოთ ვალდებულება მოეხდინათ მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) საკუთარ ქსელზე სავალდებულო დაშვება. ეს პირობა მიუღებელი იყო როგორც "მაგთისთვის", ასევე "სილქნეტისთვის". აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ "სელფი მობაილმა" და გამოტანილი ლოტებიდან 2 სიხშირე შეიძინა. ერთი ლოტის ღირებულება შეადგენდა 1,386,000 ლარს, მეორესი კი 2,657,445 ლარს, შესაბამისად ჯამში ამ ორი სიხშირის ფასი 4 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, აუქციონის გამოცხადებისას, ანუ 2023 წლის 6 ივლისს კომისიამ განაცხადა, რომ მათ მიერ გამოტანილი ლოტების ფასი იყო რეალურ ღირებულებასთან შედარებით 80%-ით ფასდაკლებული, შესაბამისად კომისია მობილურ ოპერატორებს 5G-ის დანერგვის შესაძლებლობას მკვეთრი ფასდაკლებით სთავაზობდა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში ფასდაკლებით მხოლოდ "სელფიმ" ისარგებლა, რადგანაც ამ ოპერატორისთვის არ იყო მიუღებელი ComCom-ის მოთხოვნა MVNO-ების სავალდებულო დაშვებასთან დაკავშირებით.
წლევანდელ აუქციონზე კი კომუნიკაციების კომისიას არ გაუკეთებია განცხადება იმის თაობაზე, რომ ლოტების საწყისი ფასი 80%-იანი ფასდაკლებით გამოიტანეს გასაყიდად, თუმცა კომისიამ განაცხადა ის, რომ აუქციონის პირობებით ოპერატორებს შეეძლოთ 20%-იანი ფასდაკლების მიღება, თუკი მოახდენდნენ საკუთარ ქსელში MVNO ოპერატორების სავალდებულო დაშვებას.
ახალ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "მაგთიმ" მიიღო, თუმცა კომპანიამ არ ისარგებლა 20%-იანი ფასდაკლების შესაძლებლობით, "სილქნეტმა" კი აუქციონში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.
"მაგთის" მიერ აუქციონზე შეძენილი ლოტებია:
700, 800 და 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია - 77,125,735 ლარი;
2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზიები - 23,097,816 ლარი;
700 მჰც და 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია - 48,802,257 ლარი.
"ფასიც გასაჩივრებულია, ერთი წლის განმავლობაში თუ როგორ შეიძლება 7.5-ჯერ გაიზარდოს ლიცენზიის საფასური და დასაბუთებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდა დაუსაბუთებლად. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ იმიტომ გაძვირდა, რომ “მაგთიმ” მოითხოვა ამ სიხშირეების შეძენა - ესეც სამართლებრივი დავის ნაწილია,",- განაცხადა "მაგთის" იურისტმა ლევან გიორგაძემ.
„სელფი მობაილს“ 5G თბილისში, ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს.