"მაგთი" სატელეკომუნიკაციო აპარატურის გლობალურ მწარმოებელ Ericsson-ს არბიტრაჟში უჩივის. დავის შესახებ ცნობილი "მაგთის" მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში არის საუბარი, სადაც ხაზგასმულია რომ Ericsson-მა და მისმა ქართულმა შვილობილმა არ შეასრულა "მაგთის" წინაშე კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქმეს ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟი განიხილავს და ის 17 მილიონი დოლარის ანაზღაურებას და კომპენსაციას უკავშირდება. აღნიშნული კომპენსაციის მოცულობა ჯერჯერობით დადგენილი არაა.
"2024 წლის 1 მარტს, "მაგთიმ" წარადგინა საარბიტრაჟო მოთხოვნა „ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში“ (LCIA) მისი ერთ-ერთი მთავარი მომწოდებლის „Ericsson AB“ და „Ericsson Georgia LTD“-ს წინააღმდეგ.
კომპანია ამტკიცებს, რომ მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს თავიანთი დაპირებები და შესაბამისად, კომპანიასთან გაფორმებული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.
კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო შეთანხმებ(ებ)ის გაუქმებას. გარდა ამისა, კომპანია ითხოვს კომპანიის მიერ მოპასუხეებისთვის 17,033 ათასი აშშ დოლარის ოდენობით გადახდილი თანხის ანაზღაურებას და ზიანის კომპენსაციას, რომელიც ჯერჯერობით არ არის რაოდენობრივად დადგენილი.
2024 წლის 28 მარტს, მოპასუხეებმა შეიტანეს შეპასუხება საარბიტრაჟო მოთხოვნაზე, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებდნენ საქმის იურისდიქციულ ასპექტებს და ასევე კომპანიის სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხეები ასევე წარადგენენ შეგებებულ სარჩელს და ითხოვენ კომპანიისგან დაუფარავი 5,292 ათასი აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდას (პროცენტის დამატებით).
2025 წლის იანვარში „ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ" დაადგინა, რომ მას აქვს საქმის მიმართ იურისდიქცია და განაგრძო განხილვა,"- ნათქვამია "მაგთის" 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში.
2024 წელს დავასთან დაკავშირებით "მაგთის" საკონსულტაციო იურიდიული ხარჯები 6.4 მილიონ დოლარს აჭარბებდა.




























