"მაგთიმ" 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანიის შემოსავალი წლის განმავლობაში 11%-ით, 699.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანიის შემოსავლები 12-12%-iT გაიზარდა როგორც მობილური კომუნიკაციის სეგმენტიდან, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის სეგმენტიდან.
მაგთის ფინანსური შედეგები 2023 წელს ასე ნაწილდება:
- შემოსავალი სატელეფონო მომსახურებებიდან - 385 მილიონი ლარი, ზრდა 12%;
- ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება (ISP/IPTV) - 256 მილიონი ლარი, ზრდა 12%;
- შემოსავალი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან - 25 მილიონი ლარი, ზრდა 1%;
- შემოსავალი როუმინგის მომსახურებიდან - 6.6 მილიონი ლარი, ზრდა 49%;
- შემოსავალი არხების იჯარიდან - 5.5 მილიონი ლარი, ზრდა 0%;
- შემოსავალი ერთჯერადი მომსახურებებიდან - 2.7 მილიონი ლარი, ზრდა 9%;
- სხვა შემოსავლები - 18 მილიონი ლარი, ზრდა 20%.
კომპანიის ხარჯებიდან წლის განმავლობაში უმსხვილესი იყო ინფრასტრუქტურის ცვეთის ხარჯი 123 მილიონი ლარით, საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 32 მილიონი ლარი იყო, სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული სახელფასო ხარჯები 57 მილიონი ლარი იყო, ურთიერთჩართვის ხარჯი 17 მილიონი ლარი, საბაზო სადგურებზე ტექნიკური მომსახურების ხარჯი 17.5 მილიონი ლარი, ინტერნეტ ტრაფიკის ხარჯი კი 13 მილიონი ლარი იყო. ინტერნეტ ტელევიზიის (IPTV) ხარჯებმა 9.6 მილიონი ლარი შეადგინა, აბონენტებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის საფასური 8 მილიონი ლარი იყო, რეგულირების საფასური, რასაც კომპანია კომუნიკაციების კომისიას უხდის 5 მილიონი ლარი იყო. როუმინგის ხარჯები კი კომპანიისთვის 2.6 მილიონი ლარი იყო.
მთლიანობაში კომპანიის მოგებამ 362 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს რომ კომპანიის მოგების მარჟა 51.7% იყო. შედარებისთვის, 2022 წელს "მაგთის" მოგებამ 307 მილიონი ლარი, მოგების მარჟამ კი 48.7% შეადგინა.
"მაგთი" საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორის უმსხვილესი მოთამაშეა, მას 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 2,332,305 აქტიური აბონენტი ჰყავს რაც მობილური ბაზრის 41.5%-ია. ამასთან, 2024 წლის 11 თვეში კომპანიამ მობილური საცალო მომსახურებიდან 375 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კომპანიას ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მიმართულებით სულ 525,383 აბონენტი ჰყავს, რაც მთლიანი ბაზრის 52%-ია. 2024 წლის 11 თვეში კომპანიამ ფიქსირებული ინტერნეტიდან 175 მილიონი ლარის საცალო შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი შემოსავალია.
მაუწყებლობის ტრანზიტიდან, ანუ IPTV ტელევიზიის ბაზარზე მაგთის 356,766 აბონენტი ჰყავს, რაც ბაზრის 49.5%-ია. 2024 წლის 11 თვეში მაგთიმ IPTV-დან 67.3 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი შემოსავალია.
რაც შეეხება როუმინგის შემოსავლებს ის 2024 წლის 11 თვეში 4.6 მილიონ ლარს შეადგენდა.