მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ "მაგთის", "სილქნეტსა" და "სელფის"?

მობილური ოპერატორები ქსელი ტელეფონი კავშირგაბმულობა კომუნიკაციები
სტატიაში საუბარია:

2023 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 788 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91 მილიონი ლარით ანუ 13%-ით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით და მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების საშუალო ფასების ზრდით არის განპირობებული. დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში 5,470,196 აქტიური აბონენტია, რაც 2022 წელთან შედარებით 92,000 აბონენტით მეტია.

უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები 2023 წელს ასე ნაწილდება:

  • “მაგთი” - 2,278,219 აბონენტი, შემოსავალი 384,958,266 ლარი, წლიური ზრდა 12%;
  • “სილქნეტი” - 1,859,784 აბონენტი, შემოსავალი 274,819,729 ლარი, წლიური ზრდა 15%;
  • “სელფი” - 1,315,948 აბონენტი, შემოსავალი 126,516,955 ლარი, წლიური ზრდა 12%.

აბონენტების რაოდენობა 2023 წელს ყველაზე მეტად “სილქნეტს” გაეზარდა, რომელსაც 64 ათასით მეტი აბონენტი ჰყავს. აბონენტების ზრდით მეორე ადგილზეა “მაგთი”, რომელსაც 33 ათასი მომხმარებელი შეემატა, “სელფის” აბონენტების რიცხვი კი 17 ათასით შემცირდა.

მომხმარებლების გაზრდილ რიცხვთან ერთად მომატებულია ერთი აბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალიც. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით “მაგთის” აბონენტი თვეში 14.61 ლარს იხდის ( მატება 57 თეთრი), “სილქნეტის” აბონენტის ყოველთვიური საშუალო ხარჯი 13.32 ლარია (ზრდა 1.12 ლარი), “სელფის” აბონენტისგან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალია 8.97 ლარი (მატება 1.30 ლარი).

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ მობილური ოპერატორების შემოსავალი სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული ხმოვანი ზარების განხორციელებაზე. მაგალითად 2023 წლის დეკემბრის განმავლობაში შემდგარი 464 მილიონი ზარიდან მიღებული შემოსავალი 10.6 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 0.9 მილიონი ლარით არის შემცირებული.

გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება. 2023 წლის დეკემბერში მობილური ოპერატორების აბონენტებმა 51,469 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 23%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები