მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაგთის", "სილქნეტის" და "სელფი მობაილის" შემოსავლები იზრდება - სტატისტიკა

მობილური ოპერატორები ქსელი ტელეფონი კავშირგაბმულობა კომუნიკაციები

2025 წლის 6 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 438 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მობილური ოპერატორების შემოსავლები 26 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით არის გაზრდილი.

კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების რაოდენობა 5,756,274-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 172,000 აბონენტის მატებას ნიშნავს.

2025 წლის იანვარ-ივნისში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • მაგთი - 206,534,442 ლარი, 2,361,432 აბონენტი, ბაზრის 41%, შემოსავლის ზრდა იანვარ-ივნისში 5.4%;
  • სილქნეტი - 154,195,437 ლარი, 2,041,811 აბონენტი, ბაზრის 35.5%, შემოსავლების ზრდა იანვარ-ივნისში 6.2%;
  • სელფი მობაილი - 76,936,360 ლარი, 1,334,723 აბონენტი, ბაზრის 23%, შემოსავლების ზრდა იანვარ-ივნისში 8.9%.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2025 წლის ივნისში მაგთის ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15.45 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 74 თეთრით არის მომატებული, სილქნეტის ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.45 ლარია, რაც 12 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო სელფი მობაილის ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 10.25 ლარია, რაც წლიურად 38 თეთრით არის მომატებული.

მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2025 წლის ივნისში მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,143,159 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 72%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 70% იყო.

სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ივნისის მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 16.3 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 2.9 გიგაბაიტით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები