2024 წლის რვა თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 569 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მობილური ოპერატორების შემოსავლები 53.6 მილიონი ლარით, ანუ 10.4%-ით არის გაზრდილი.
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების რაოდენობა 5,693,748-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 164,285 აბონენტის მატებას ნიშნავს.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- მაგთი - 269,087,081 ლარი, 2,353,291 აბონენტი, ბაზრის 41%, შემოსავლის ზრდა იანვარ-აგვისტოში 6.2%;
- სილქნეტი - 200,988,871 ლარი, 1,997,266 აბონენტი, ბაზრის 35%, შემოსავლების ზრდა იანვარ-აგვისტოში 12%;
- სელფი მობაილი - 97,414,192 ლარი, 1,321,672 აბონენტი, ბაზრის 23%, შემოსავლების ზრდა იანვარ-აგვისტოში 20%.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2024 წლის აგვისტოში მაგთის ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15.73 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 54 თეთრით არის მომატებული, სილქნეტის ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 19.98 ლარია, რაც ასევე 54 ლარით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო სელფი მობაილის ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 10.14 ლარია, რაც წლიურად 1.52 ლარით არის მომატებული.
მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,059,642 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 71%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 69% იყო.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 15.4 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 1.1 გიგაბაიტით არის გაზრდილი.
სავარაუდოდ, მობილური ინტერნეტის ტრაფიკი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ქვეყანაში 5G ინტერნეტის უფრო ფართო ათვისებასთან არის დაკავშირებული. მიმდინარე თვეში კომპანია "მაგთიმ" 5G ლიცენზიების აუქციონში გაიმარჯვა და კომპანიამ აღნიშნული სიხშირეების გამოყენების უფლება 149 მილიონ ლარად შეიძინა.