პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მმართველობის რეფორმის ფონდის GRF-ის პროექტის საბჭოს ყოველწლიურ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბითაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2022 წელს შვედეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წელი შესრულდა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. მან ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის საშუალებით განხორციელდა პარლამენტის და უშუალოდ კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების თვალსაზრისით.
კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც ინერტული ნარჩენების მდგრად მართვას შეეხება. აღნიშნა, რომ ჩატარებული თემატური მოკვლევის შედეგად მომზადებული ანგარიშის საფუძველზე ჩამოყალიბდა რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შემუშავდება და პარლამენტს წარედგინება.
მაია ბითაძემ იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა მწვანე ზრდის და ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატმედეგი ურბანული განვითარების, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების მდგრადი მართვის, გარემოსდაცვითი განათლების და სხვა მიმართულებებით.




























