მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: ხაშურის და ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი წელს გაიხსნება

5e62172490ff4
ინგა მურუსიძე
06.03.20 14:00
841
„მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 142 კმ-ზე მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა, საიდანაც 70 კმ დასრულება იგეგმება 2020 წელს, კერძოდ, წელს დასრულდება ხაშურის შემოვლითი 13 კმ გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ მონაკვეთი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საგზაო პროექტებზეც. მან აღნიშნა, რომ აქტიური სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლით გზებზე, ხოლო ბათუმი-სარფის მონაკვეთი პროექტირების ეტაპზეა.

მინისტრი შეეხო ქვეშეთი-კობის პროექტსაც, რომლითაც გათვალისწინებული 9 კმ-იანი გვირაბის და 12 კმ გზის მშენებლობა. მისი თქმით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ამ პროექტზე 2 500 ადამიანი დასაქმდება.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 804 კმ გზის რეაბილიტაციის სამუშაო დაასრულა. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნის, ლენტეხი-მესტიისა და სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მონაკვეთებზე.

„გზის ინფრასტრუქტურის ტენდერებში 55-მდე ახალი კომპანია მონაწილეობდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ბრუნვაც. მაგალითად, 7-მა კომპანიამ 20 მილიონიან ბრუნვას გადააჭარბა, ხოლო ერთი ხელშეკრულების ფარგლებში 20 მლნ ლარზე მეტი 11-მა კომპანიამ მიიღო. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი ქართული კომპანია ახალ სიმძლავრეებზე გადის. მთლიანობაში, გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებში დასაქმებული იყო 10 ათასი ადამიანი, საიდანაც 90% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მუნიციპალური გზების რეაბილიტაციის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, საიდანაც ნაწილობრივ დასრულდა და 2020 წლის განმავლობაში დასრულდება ქუთაისის, ზუგდიდის, ზესტაფონის, ფოთის და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩების მოწესრიგება.