ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი წელს 67.1 მლნ ლარამდე, დასაქმებულთა რაოდენობა კი 75-მდე გაიზარდა. სახელფასო ბიუჯეტი 2 მლნ ლარით გაიზარდა. მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2026 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი 6 თებერვალს დაამტკიცა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტის და საშტატო ნუსხის ცვლილება ნაწილობრივ დაკავშირებულია, კურორტების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციასთან შერწყმით. ეს სსიპ-ი 2022 წლის 8 ივლისს დაფუძნდა და მისი ბიუჯეტი 2025 წელს 6 მლნ ლარი იყო.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 282-ე განკარგულების მიხედვით, აღნიშნული სსიპ-ის საბიუჯეტო შემოსავლები 65.1 მილიონი ლარია, ხოლო 2 მილიონ ლარი საკუთარი შემოსავლებია. ამასთან, ადმინისტრაციის ხარჯები, რომელიც ტურიზმის სექტორს კურირებს, 2026 წელს 63.5 მილიონი ლარით განისაზღვრა, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე წელს ხარჯი 4 300 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ₾57.7 მილიონი 2026 წელს საქონელსა და მომსახურებაზე უნდა დაიხარჯოს. ინფორმაციისთვის, 2025 წელს სახელფასო ხარჯები 2 370 000 ლარი, საქონლისა და მომსახურების ხარჯი კი ₾45.2 მლნ იყო.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 12-ით 75-მდეა გაზრდილი.
2022 წლის სექტემბრიდან დღემდე, ადმინისტრაციას მაია ომიაძე ხელმძღვანელობს და მას ერთი პირველი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობას თამარ ყორიაული იკავებს, ხოლო მოადგილეების პოსტებზე თამაზ იორაშვილი და მედეა ჯანიშვილი არიან.
აქედან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელფასო ანაზღაურება თვეში 32.3%-ით ანუ 2 735 ლარით გაიზარდა და 11 200 ლარი შეადგინა. წელიწადში კი მაია ომიაძე თანამდებობრივი სარგოს სახით 134 400 ლარს აიღებს. პირველი მოადგილის - თამარ ყორიაულის და სხვა მოადგილეების სახელფასო ანაზღაურება კი თვეში 17.8%-ით 8 600 ლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად თითოეულისთვის 103 200 ლარია.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ყველაზე დაბალ სახელფასო ანაზღაურებას სპეციალისტი იღებს, რაც მიმდინარე წელს თვეში 1 200 ლარს შეადგენს.




























