გამოცემა "ფორბსმა" 400 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც ყოფილი სპორტსმენი და აწ უკვე ბიზნესმენი, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანიც მოხვდა.
ჯორდანმა 15-წლიანი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში 94 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო 1997-98 წლებში სულაც ასოციაციის ყველაზე მაღალაანაზღაურებადი მოთამაშე იყო.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია მისი შემოსავლები საკალათბურთო პარკეტის მიღმა. ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიც: Mcdonald’s, Gatorade, Hanes და Nike-ია, მან 2,4 მილიარდი დოლარი მიიღო.
ყოფილი კალათბურთელის შემოსავლები გასულ ზაფხულს გაიზარდა, მას შემდეგ რაც საკალათბურთო კლუბ “შარლოტ ჰორნეტსის” უმრავლესი წილის 3 მილიარდად გაყიდვა გადაწყვიტა, რის შედეგადაც გახდა პირველი პროფესიონალი ათლეტი, რომელიც ამერიკული გამოცემა ფორბსის 400 უმდიდრეს ადამიანს შორის მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ჯორდანი “ჰორნეტსის” მცირე წილის მფლობელად მაინც რჩება და ამავდროულად ფლობს ბიზნესებს მანქანების, ტეკილას, რესტორნებისა და უძრავი ქონების სფეროებში.
მისი საინვესტიციო პორტფოლიო მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Clear, Mythical Games, Dapper Labs, DraftKings და Sportradar.
რაც შეეხება ემჯეის სამომავლო გეგმებს ახლახან ბიზნესმენ ჯო გიბსთან და მრბოლელ დენი ჰემლინთან ერთად დააფუძნა საავტომობილო სარბოლო გუნდი “23XI Racing” და სულ მალე შეეცდება NASCAR-ში მწვერვალების დაპყრობას.