მაიკლ ჯორდანის ავტოგრაფიანმა ახალწვეულის ბარათმა რეკორდული ფასი დააფიქსირა კერძო გაყიდვის გზით. ამის შესახებ აუქციონის სახლმა Goldin Auctions-მა განაცხადა.
1986-87 წლის Fleer-ის ჯორდანის ახალწვეულის ბარათი, რომელსაც PSA (Professional Sports Authenticator)-ის მიერ მიენიჭა ბარათის Mint 9 ხარისხი და ავტოგრაფის Gem-Mint 10 შეფასება, 2.7 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც დღემდე საჯაროდ ცნობილი ყველაზე ძვირად ღირებული ჯორდანის ახალწვეულის ბარათია.
ეს შედეგი აღემატება 2.5 მილიონ დოლარად გაყიდულ სხვა ანალოგიურ 1986 წლის Fleer-ის ჯორდანის ბარათს (იგივე PSA 9/10 შეფასებით), რომელიც ივნისის ბოლოს მუსიკოს ფარელ უილიამსის მფლობელობაში არსებულ აუქციონის სახლ Joopiter-ში გაიყიდა.
"ყველა დროის უდიდესი სპორტსმენების, როგორიცაა მაიკლ ჯორდანი, ხელმოწერილი ახალწვეულის ბარათები წარმოადგენს სპორტული კოლექციონერობის მწვერვალს. ეს რეკორდული გაყიდვა მოწმობს არა მხოლოდ ჯორდანის მემკვიდრეობის დაუვიწყარ გავლენას, არამედ იმ ფაქტს, რომ ბაზარი სულ უფრო მეტად აფასებს შემდგომში ხელმოწერილ ბარათებს, რომლებიც მართლაც ელიტური სამახსოვრო ნივთებია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი უმაღლესი ხარისხისაა,“ - აღნიშნა კენ გოლდინმა, Goldin-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აგვისტოს ბოლოს ჯორდანისა და კობი ბრაიანტის უნიკალური 2007-08 Upper Deck Exquisite Collection Dual Logoman ბარათი გახდა ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული ბარათი — იგი Heritage Auctions-ის მეშვეობით 12.932 მილიონ დოლარად გაიყიდა.
რაც შეეხება ამ ახალ რეკორდს 2.7 მილიონ დოლარად გაყიდული 1986 წლის Fleer-ის ჯორდანის ხელმოწერილი ახალწვეულის ბარათი Card Ladder-ის (ონლაინ ბაზა, რომელიც ბარათების გაყიდვებს აკვირდება) მონაცემებით, ჯორდანის ბარათების გაყიდვების ისტორიაში მეოთხე ადგილს იკავებს. PSA-ის მონაცემთა ბაზაში არსებული ჯამში 90 ავტოგრაფიან ჯორდანის 1986 Fleer ბარათიდან, მხოლოდ ექვსს აქვს ბარათის შეფასება 10, ხოლო კიდევ ოთხს შეფასება 9. ექსპერტების აზრით, თუ ოდესმე PSA 10/10 ხარისხის ჯორდანის ხელმოწერილი Fleer ბარათი გამოჩნდება ბაზარზე, მისი ფასი ამჟამინდელ რეკორდსაც მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.




























