მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაინინგი თუ ისევ პრობლემაა, ამდენი წელი რატომ ვერ აღმოაჩინეს დამნაშავეები? - მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება ისევ იზრდება

მესტია

სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ მზარდ ტენდენციას აჩვენებს - 2025 წელს 2024 წელთან შედარებით მოხმარება 6 პროცენტით არის გაზრდილი, ბოლო 5 წელიწადში კი ზრდა 45 პროცენტია.

ამის პარალელურად ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ხვდება და აფრთხილებს რომ მიზეზი მოხმარების ზრდის მთავარი მიზეზი კრიპტომაინინგია და თუ მაინერების გათიშვა არ მოხდება სვანეთი გამრიცხველიანებასთან და ელექტროენერგიის გადასახადის დაწესებასთან ძალიან ახლოსაა.

„როგორ ვერ მოხდა დამნაშავეების გამოვლენა და მაინერების გათიშვა ამდენი წლის განმავლობაში?“ -ამბობს სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი ეკატერინე გველესიანი “საქმის კურსთან” ინტერვიუში. მისი თქმით, ელექტროენერგიის გათიშვები ზამთრის სეზონისთვის სვანეთში ისევ ხშირია. ხოლო ბოლო განცხადებები, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ელექტროენერგიის გათიშვებზე კეთდება აბსურდულია. გველესიანი ამბობს, რომ ყოველ წელს მოხმარების ზრდის სხვადასხვა მიზეზებზე ხდება აქცენტის გაკეთება, რეალურად კი პრობლემის გადაჭრა არ ხდება.

“ისევ ხშირია ელექტროენერგიის გათიშვები, როგორც წინა წლებში. რაც შეეხება ადგილობრივ მთავრობასთან ბიზნესის თანამშრომლობას, ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე გაუმჯობესებული არის ამ კუთხით. მათი პოზიცია, რომელიც ბოლო პერიოდში გაჟღერდა თითქოს მაინინგის მომატების გამო დაიწყო ელექტროენერგიის წყვეტა - ეს არ ჰგავს სერიოზულ განცხადებას. შეუძლებელია, რომ ყოველი ზამთრის სეზონზე, როდესაც ტურისტული ნაკადები შემოდის სვანეთში, ზუსტად ამ დროს ითიშებოდეს, ელექტროენერგია და ზუსტად ამ დროს იწყებდეს ხალხი მაინინგს.

ჩემი ბიზნეს ოპერირების ხუთი წლის განმავლობაში და მანამდე კიდევ რაც თავი მახსოვს მაინინგის პრობლემა მესმის - ამდენი წლის განმავლობაში როგორ ვერ მოხდა ამის აღკვეთა, როგორ ვერ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები, რომ აღმოეჩინათ დამნაშავეები და გაეთიშათ ეს მაინერები? ესეც ხომ ცოტა უცნაურია? ანუ თუ ეს არის პრობლემა, მაშინ რატომ არ ხდება ამ მიმართულებით რაღაც ზომების მიღება? ფაქტია, რომ უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არის, რომ რეგიონი განვითარდეს ტურისტულად.”-ამბობს სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი ეკატერინე გველესიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები