TBC Capital-ის ეკონომიკის აღდგენის კვირის მიმოხილვის მიხედვით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 188.1%-იანი ზრდის შემდეგ, ივნისში 286.8%-ით გაიზარდა.
საკონსულტაციო-კვლევით კომპანიაში განმარტავენ, რომ მკვეთრად მაღალი წლიური ზრდის ტემპი, ძირითადად, 2020 წლის შესაბამის პერიოდში დაბალ საბაზო ეფექტს ასახავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 2019-თან შედარებითაც აღდგენა შეინიშნება. 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, მაისში 83.1%-იანი კლების შემდეგ, ტურისტული ვიზიტები ივნისში 79.8%-ით შემცირდა.
მიმოხილვის მიხედვით, რეგიონულ ჭრილში, 2021 წლის ივნისში, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, მაისში 88.5%-იანი შემცირების შემდეგ, ივნისში უფრო ნაკლებად - 81.9%-ით შემცირდა. ამასთან, აღდგენის დინამიკა დსთ-ის ქვეყნებიდანაც შეინიშნება. მაისში - 88.1%-ის შემდეგ, ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 84.5%-ით შემცირდა. თიბისი კაპიტალში ვარაუდობენ, რომ ტურისტული შემოსავლების ჭრილში აღდგენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ცნობისთვის: TBC Capital ეკონომიკის აღდგენის დინამიკის მიხედვით, ივლისის დასაწყისში სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, დადებით ნიშნულზეა და 16%-ს შეადგენს, ხოლო რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო ხარჯვის ზრდა გაუმჯობესდა და იმავე პერიოდში 66%-ს გაუტოლდა, რაც ნაწილობრივ "კომენდანტის საათის" გაუქმებითაა გამოწვეული.




























