ანალიტიკოსი მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ გასული წლის მაისიდან მოყოლებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების მართვა პოლიტიზებულად ხდებოდა, რომ სიმშვიდის იმიტაცია მომხდარიყო.
მან საკითხი "ანალიტიკასთან" ინტერვიუში შეაფასა და ამ მიმართულებით პოლიტიკის გაუმჭვირვალობაზე გაამახვილა ყურადღება.
"მაისიდან მოყოლებული, მთელი ეს პერიოდი, რეზერვები მართვა ჩემი გადასახედიდან პოლიტიზებული იყო. რაღაც პატარა ფლუქტუაციები როდესაც არის ბაზარზე ვოლატილობის შესარბილებლად შეიძლება, რომ მცირე ჩარევები მოხდეს, მაგრამ არასწორია ჩარევა, რომელიც მიმართულია რაღაც ამოუვსებელი ხვრელის შევსებაზე იმისთვის, რომ სიმშვიდის იმიტაცია მოხდეს და იმის, რომ ბაზარზე სინამდვილეში ცუდი არაფერი არ ხდება. ამას ცალსახად ვხედავდი წინა პერიოდში. არჩევნების შემდეგ, ჩემი მოლოდინი იყო, რომ ეს შემცირდებოდა, წესით ლარზე მოთხოვნა უნდა გაზრდილიყო, მაგრამ სხვა წნეხი გაჩნდა, არ დაიხარჯა იმდენი ფული დეკემბერში, რამდენიც წინასაახალწლოდ იხარჯება ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეულწილად მიშვება მოხდა კურსის და კურსმა ახალი წონასწორობის წერტილის პოვნა დაიწყო. პრეტენზია მაქვს იმასთან მიმართებით, რომ თვითონ პროცესი გაუმჭვირვალეა, რითაა დაკავებული ეროვნული ბანკი ძალიან გვიან იგებს ეკონომიკა და ბიზნეს სექტორი, რაც ძალიან ცუდია ისედაც კრიზისში მყოფი ეკონომიკისთვის, რადგან ბიზნესს არ შეუძლია გათვალოს და სავალუტო რისკებთან დაკავშირებით ჰეჯირება გააკეთოს.
ასევე, სავარაუდოდ, დასავლური იურისდიქციებიდან, სადაც სანქციები შეიძლება შეხებოდა ბიზნეს ინტერესებს, გადმოქაჩვა მოხდა ალბათ სახსრების. ამ პირობებში, ძალიან რთულია გათვალო როგორ მოიქცევა ლარი. არ იცი გარეთ, გლობალურ ეკონომიკაში რა მოხდება, გარე შოკების პარალელურად როდესაც ქვეყანაშიც ასეთი რყევები გაქვს და არ იცი საით რა წავა, ამ პირობებში ბიზნესის კეთება ძალიან დამაზარალებელია. გაცვლითი კურსი ამ ეტაპზე მიშვებულია სავარაუდოდ, თუმცა 2,3,4 თვის ფარგლებში რა მოხდება არ ვიცით",- ამბობს მარინა გულედანი.