მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისის დასაწყისიდან, Starbucks-ის აქციის ღირებულება 18%-ით შემცირდა

Starbucks

მოსალოდნელზე ცუდი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკული ყავახანების ქსელის, Starbucks-ის აქციების ღირებულებამ ერთკვირიან პერიოდში 18%-ით იკლო. ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში, კომპანიის საშუალო ქვითრის მოცულობამ 2%-ით იმატა, მაგრამ კომპანიის კონსოლიდირებულმა შემოსავალმა 2%-ით იკლო და $8.6 მილიარდი შეადგინა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კომპანიის შემოსავალი 3%-ით შემცირდა, საერთაშორისო ბაზარზე კი კლებამ 6% შეადგინა. ჩინეთში შემოსავლის კლება უფრო დრამატული იყო და 11% შეადგინა.

ექსპერტების შეფასებით, კომპანიის არადამაკმაყოფილებელი შედეგები უკავშირდება, როგორც ბოლო წლების მაღალ, შეიძლება ითქვას, რეკორდულ ინფლაციას, ასევე ინფლაციის შედეგად გაზრდილ რეფინანსირების განაკვეთს, რამაც თავის წილ, კაპიტალზე წვდომა გააძვირა - ასეთ დროს კი, ადამიანები, როგორც წესი, ფულის ხარჯვის ნაცვლად მის ინვესტირებას ირჩევენ.

ამერიკული გიგანტის უარყოფით შედეგებს მალევე გამოეხმაურა Starbucks-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ჰოვარდ შულცი, რომელიც ამერიკულ გიგანტს დეკადების განმავლობაში, ჯერ კიდევ 1986 წლიდან ხელმძღვანელობდა. როგორც შულცი აღნიშნავს, Starbucks-ის ბრენდი ჯერაც ერთ-ერთი ყველაზე ურყევია მსოფლიოში, მაგრამ ის ინდუსტრია, რომელშიც კომპანია ოპერირებს, ბოლო დროს, მნიშვნელოვან რყევებს განიცდის. ამასთან, რაც უნდა მოულოდნელი იყოს, Starbucks-ის შემთხვევაში შედეგებზე გავლენა გლობალურმა გეოპოლიტიკამაც ითამაშა, რადგან რამდენიმე ამერიკულმა კორპორაციამ ომში, მხარი ისრაელს დაუჭირა.

ამერიკული Starbucks-ი აშშ-ის ქალაქ სიეტლში ჯერ კიდევ 1971 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, პლანეტის მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და საყვარელ ყავახანების ქსელად ჩამოყალიბდა. უკანასკნელი მონაცემებით, Starbucks-ი მსოფლიოში 38,951 კაფეს ფლობს, რომელთა 52% უშუალოდ კომპანიის მართვის ქვეშაა, 48% კი - ფრენჩაიზული ხელშეკრულებით ოპერირებს. Starbucks-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $82 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში 202-ე უდიდესი კომპანიაა.