მაისში საქართველოში 2%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ფასების მატება ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფს და საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება, რადგანაც წინა წელთან შედარებით ბენზინის ღირებულება 31%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სურსათის ფასებს, წინა წელთან მიმართებით სურსათის ღირებულება 0.7%-ით არის მომატებული.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (38.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-5.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.1 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც 1.44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17.6 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.4 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ღამის გასათევით მომსახურებასა (11.0 პროცენტი) და საზოგადოებრივ კვებაზე (7.0 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.5 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.5 პროცენტი).