COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვების შედეგად, მაისში საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად - 95%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 36,015 შეადგინა.
ამ ვიზიტების ნახევარზე მეტი ტრანზიტული ტიპის საზღვრის კვეთა იყო და მათი ხანგრძლივობა 24 საათს არ აღემატებოდა. ჯამურად, ტრანზიტების რიცხვი 21,263 იყო, რაც მთლიანი საზღვრის კვეთების 58%-ია.
24 საათზე მეტხანს კი ქვეყანაში მხოლოდ 12,583 ადამიანი დარჩა, რაც წინა წელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.
ქვეყნები, საიდანაც გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტმა პირმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი:
1. თურქეთი - 16,106 მოქალაქე, კლება წინა წელთან 81%;
2. სომხეთი - 9,541 მოქალაქე, კლება წინა წელთან 93%;
3. რუსეთი - 3,561 მოქალაქე, კლება წინა წელთან 98%;
4. აზერბაიჯანი - 3,512 მოქალაქე, კლება წინა წელთან 97%;
5. უკრაინა - 932 მოქალაქე, კლება წინა წელთან 95%;
6. ბელარუსი - 717 მოქალაქე, კლება წინა წელთან 85%;
7. ევროკავშირის ქვეყნები - 477 მოქალაქე, კლება წინა წელთან 99%.
დღესვე გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავლის სახით მხოლოდ $9.1 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 97%-ით არის შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება. ამ დრომდე უცნობია ზუსტად როგორი მოთხოვნები იქნება დაწესებული უცხოეთიდან შემომავალი ვიზიტორების მიმართ. ასევე ბოლომდე დაზუსტებული არაა იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში დასვენებას შეძლებენ.




























