საქსტატის მონაცემებით, მაისში საქართველოში 6 284 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წლიურად 5.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განმარტა, რომ კლების მიზეზი უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციის კლებაა.
"ქვეყანაში დარეგისტრირდა 6 300-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. შემცირება ძირითადად მოდის უცხოური ინდ. მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მონაცემებზე. აღნიშნული მიმართულებით, მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 19%-ით შემცირდა უცხოელი ინდ. მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებელი", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
ცნობისთვის, მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 9.3%-ია. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2024 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება პრაქტიკულად არცერთ სექტორში არ დაფიქსირებულა.