მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკა ასათიანის ქარხნის ნავთობპროდუქტების გადაზიდვა SOCAR-ის კუთვნილი ყულევის ტერმინალიდან მოხდება

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა

მაკა ასათიანის “ბლექ სი პეტროლიუმის” ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა SOCAR-ის საკუთრებაში არსებული ყულევის ტერმინალიდან მოხდება.

ის, რომ ყულევის ტერმინალსა და მასთან ახლომდებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას შორის თანამშრომლობის საკითხი აქტუალურია, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას ახსენა, რეგიონული თანამშრომლობის პროექტების კონტექსტში.

„ყულევის ტერმინალსა და მასთან ახლომდებარე ნავთობის გადამუშავების ქარხანას შორის თანამშრომლობის საკითხი ამჟამად აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით უკვე ხელშეკრულება გაფორმდა და ახლო მომავალში ყულევის ტერმინალიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა დაიწყება“, - თქვა აზერბაიჯანის პრემიერმა.

მაკა ასათიანის ოჯახის კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავითარებს. ქარხნის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს შედგა. მაშინ ითქვა, რომ საწარმო ფუნქციონირებას მარტში დაიწყებდა და პროდუქციის ექსპორტიც გაზაფხულიდან დაიწყებოდა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება. რომელი ქვეყნებიდან მოხდება გადასამუშავებელი ნავთობის ტრასნპორტირება არ დასახელებულა.

აღსანიშნავია, რომ ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.

“ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მისი 100% ამჟამად "მკ კაპიტალს" ეკუთვნის. ამ კომპანიის 70%-იანი წილი მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-ში დეკემბერში განხორციელებული ცვლილებით, მაკა ასათიანი ფლობს 70%-იანი წილს, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% -ის მფლობელად კი მითითებულია "მკ თრეიდი იბერია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები