მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს უაით ტოლკეს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შეხვედრას აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანიც ესწრებოდა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, თუმცა უფლებამოსილებას ივლისამდე შეასრულებს.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით", - წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.