მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკა ბოჭორიშვილი განცხადებით, 2025 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნდამენტური რეფორმა დაიწყო

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წელს უწყებაში ფუნდამენტური რეფორმა დაიწყო, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს როვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად რაც შეიძლება ძლიერი, მოქნილი და ეფექტიანი საგარეო სამსახური ჰყავდეს. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოს 82 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან, 2025 წელს ხელმძღვანელი 36 დიპლომატიური წარმომადგენლობაში დაინიშნა.

მან აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსი განვლილი პერიოდს შეაჯამებს, რეალობა შეაფასებს და იმ ამოცანებს დასახავს, რომლებიც მომავალ წელს უწყების დიპლომატიურ საქმიანობას განსაზღვრავს. მაკა ბოჭორიშვილმა ელჩებს ქვეყნის ინტერესების დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან რთულ, სწრაფად ცვალებად და ხშირად მათ არაპროგნოზირებად გარემოში უწევთ მუშაობა და გლობალური და რეგიონული პროცესები პირდაპირ აისახება ჩვენს ქვეყანაზე.

"უსაფრთხოების არსებული გამოწვევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები და მზარდი გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანად განსახორციელებლად.

არსებულ გარემოში დიპლომატიური სამსახურის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას ორი რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა წარმოადგენს.

საქართველომ უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში, განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია.

ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იცვლება საქართველოს პერსპექტივები და იხსნება ახალი შესაძლებლობები. იზრდება საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა, ძლიერდება საქართველოს პოზიცია რეგიონული ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფეროში, იზრდება ინვესტორთა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ამ მიღწევებში საგარეო სამსახურის წვლილი არსებითია.

ახალ შესაძლებლობებს ახალი გამოწვევებიც ახლავს, რაც სუვერენული საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, ქვეყნის ინტერესების სიღრმისეულ გააზრებას და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიან გამოყენებას საჭიროებს.

ბოლო პერიოდში, ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ჰიბრიდული მეთოდებით, დეზინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, პოლარიზაციის წახალისებით განხორციელებული ქმედებების გასამკლავებლად, მცდარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ქვეყნის საგარეო სამსახური წარმოადგენს კრიტიკულ ხაზს.

ამ კონტექსტში, შეუძლებელია არ აღვნიშნო ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე შექმნილი სირთულეები.

საქართველოს 82 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან, 2025 წელს 36 დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დაინიშნა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ დიპლომატიური სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის.

ამასთან, წელს დავიწყეთ საგარეო უწყების ფუნდამენტური რეფორმა.

გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საგარეო ასპარეზზე.

დაწყებული რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად, ჰყავდეს, რაც შეიძლება ძლიერი, მოქნილი და ეფექტიანი საგარეო სამსახური.

ფუნდამენტური რეფორმის კვალდაკვალ დავიწყეთ საგარეო დახმარების მექანიზმის განვითარება, რაც საქართველოს გლობალურ არენაზე სრულიად ახალ როლს სძენს და მიმართულია საქართველოს ინტერესების შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.

ჩვენი წარმატებული რეფორმების, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით საქართველო შეძლებს თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ყველა მიმართულებას და მის წარმატებას ზურგს უმაგრებს საქართველოს ხელისუფლება.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების უკეთ დაცვას საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები