მახათას მთაზე სამხედროებისთვის დამატებით 43 კორპუსი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს ბინების მ²-ის შეძენა 100 დოლარად შეეძლებათ. ქართველი სამხედროებისთვის ბინების მშენებლობის ახალი პროექტი პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დააანონსა.
"ვიწყებთ ახალ, მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება.
„თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან და ამის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად, სამხედროები 50, 80 და 110 კვ.მ. ბინებს მიიღებენ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა რომ ასეთი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.
ირაკლი კობახიძეს არ დაუზუსტებია თუ სად იქნება ახალი ჯარის ქალაქის ადგილმდებარეობა, რის შესახებაც BMG-იმ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს კითხვით მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ახალი პროექტიც თბილისში, მახათას მთაზე აშენდება.
სამხედრო მოსამსახურებისთვის ჯარის ქალაქის პროექტი თავდაცვის სამინისტროს თბილისში, მახათას მთაზე აქვს განხორციელებული, სადაც 1,092 ბინა არის განთავსებული. პროექტი თავდაცვის სამინისტროს სსიპ "დელტას" საკუთრებაში არსებულმა კომპანია "დელტა მშენებელმა" ააშენა.