სარესტორნე ბიზნესი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბეგვრის წესში ცვლილებებს ითხოვს.
სექტორის წარმომადგენლების ნაწილის თანახმად, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვისას კვების ობიექტები დღგ-ს ჩათვლას ვერ ახერხებენ, რადგან ეს პროდუქცია სარესტორნო ბიზნესისგან განსხვავებით, ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობს.
როგორც BMG-სთან რესტორატორი, “ცეხის” თანადამფუძნებელი ვახტანგ კანდელაკი ამბობს, არსებული დაბეგვრის რეჟიმის პირობებში, კვების ობიექტებისთვის პროდუქციის ფერმერებისგან ყიდვა დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
რესტორატორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არსებულ საგადასახადო პოლიტიკას იმგვარად უნდა გადახედოს, რომ სარესტორნე ბიზნესს ფერმერებისგან პროდუქციის ყიდვისას, დამატებითი ხარჯები არ უჩნდებოდეს.
„[მთავრობამ] წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები გათავისუფლებულიყო დღგ-სგან და ჩვენ ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტს ვიყენებთ, ანუ გარდაქმნას ვუწევთ და შემდეგ რეალიზაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს არის ხარჯი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით იფიქროს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა, როგორ შეიძლება ამის აღმოფხვრა, რომ რიგი საკითხები არ დარჩეს ღიად. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც გვაქვს, არის საკითხების განუხილველობა და საკითხებით არდაინტერესება.
ჩვენს სექტორში ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს და რაზედაც ვერთიანდებით, ეს არის ზუსტად სოფლის მეურნეობის პროდუქტის დღგ-სგან გათავისუფლება. ყველაზე მთავარი რაც არის - თუ ჩვენ ქსელურ სუპერმარკეტში ვყიდულობთ პროდუქტს ან დისტრიბუციით, ამაში დღგ-ს პრობლემა არ გვაქვს. როგორც კი გავდივართ ბაზარში და ღიად ვიწყებთ ყიდვას პროდუქტის [ყიდვას], იქ თურქული წარმოების პომიდორია თუ ქართული წარმოების პომიდორია, ვერ ვიგებთ და აქედან გამომდინარე, ვერც თურქული წარმოების და ვერც ქართული წარმოების პომიდორზე ვერ ვითვლით დღგ-ს და ხარჯია ეს ჩვენთვის.
მე თუ მაგალითად რძეს ვყიდულობ საბუთით, ანუ დღგ-თი ვყიდულობ ჩვეულებრივად, ანდაც ლუდს და სხვა ალკოჰოლურ სასმელს ვყიდულობ დღგ-თი და ვითვლი ამას, იგივე პრინციპით, ბაზარს რასაც ჩვენ ვეძახით, ბაზარში [ნაყიდი პროდუქტის] ჩათვლაც უნდა მოხდეს.
ჩემი გადმოსახედიდან, გამოსავალი არის ერთი და ამაში მეთანხმება ძალიან ბევრი რესტორნის წარმომადგენელი, რომ მახინჯი ფორმაა, როდესაც ვიღაც არის გათავისუფლებული დღგ-სგან და ვიღაც არ არის გათავისუფლებული. ვფიქრობ, რომ ესაა მნიშვნელოვანი საკითხი”, - განაცხადა ვახტანგ კანდელაკმა.




























