მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკრონი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციას და უკრაინისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება. საუბარია იმ ასეულობით მილიარდის აქტივებზე, რომლებიც ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაყინეს.

როგორც მაკრონი აცხადებს, გაყინული აქტივების გადაცემა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას გამოიწვევს, ეს კი მისთვის მიუღებელია. საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, გაყინულ აქტივებზე დარიცხული თვიური დივიდენდების უკრაინისთვის გადაცემა გაცილებით მისაღები იქნება, თუმცა თავად აქტივების გადაცემა სამართლებრივი ნორმების დარღვევას გამოიწვევს და ევროპული ქვეყნებისადმი უნდობლობას გააჩენს.

აღსანიშნავია, რომ მაკრონის პოზიციას ექსპერტების დიდი ნაწილი იზიარებს. მათი შეფასებით, უცხო ქვეყნის სახელმწიფო ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაცია და სხვა ქვეყნისთვის გადაცემა სუვერენული იმუნიტეტის პრინციპს დაარღვევს და გლობალური საფინანსო სისტემისთვის საშიშ პრეცედენტს შექმნის. ეს კი ევროპული ქვეყნებისადმი გაჩენილ ნდობას სრულად ჩამოშლის, გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოებს კი წაგებისთვის განწირული სამართლებრივი დავების წინაშე დააყენებს.

ცნობისთვის, მაკრონისაგან განსხვავებული პოზიცია პოლონეთს, დიდ ბრიტანეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ. ეს სახელმწიფოები გაყინული რუსული აქტივების გაცილებით აქტიურად გამოყენებას უჭერენ მხარს. საფრანგეთის პრეზიდენტი კი თვლის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა გაცილებით გონივრული ნაბიჯი უნდა გადადგან და აქტივების პირდაპირ გადაცემის ნაცვლად, უკრაინის სახელზე გასცენ სესხები, რომლებიც აღნიშნული აქტივებით იქნება გამყარებული. ამ გზით, ოფიციალური კიევი საჭირო დაფინანსებას მიიღებს, ევროპული ქვეყნები კი წაგებისთვის განწირულ სამართლებრივ დავებს თავიდან აირიდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები