“მაკრონის ზარი ივანიშვილთან კიდევ ერთხელ დადასტურებაა, რომ ევროპელი ლიდერებიც ხედავენ, თუ ვინ არის რეალურად მმართველი და პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რომელიც საქართველოში ხდება” - ასე გამოეხმაურა BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და ყოფილი პარლამენტარი, ლევან კობერიძე საფრანგეთის პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ გუშინდელ სატელეფონო საუბარს.
კობერიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ესეც ქვეყნის მართვის არაევროპული კულტურაა და არის იმ ღირებულებებთან აცდენა, რომელიც ახასიათებს იმ სივრცეს, საითკენაც მენტალურად მივისწრაფვით.
“ძალიან უცნაურია, როცა მაკრონის ზარი ხორციელდება არა პრემიერ-მინისტრთან, არამედ ივანიშვილთან, როცა ქვეყანას ჰყავს ფორმალურად პრემიერი, შესაბამისად, ზარი უნდა ხორციელდებოდეს მასთან და შესაბამისად მთელი პროცესების განხილვაც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნიდან და მისი ლიდერისგან უნდა ხდებოდეს მასთან. ეს კიდევ ერთხელ დადასტურებაა, რომ ევროპელი ლიდერებიც ხედავენ, თუ ვინ არის რეალურად პასუხისმგებელიც და მმართველიც მოვლენების, რაც საქართველოში ხდება. ეს არის ნიშანდობლივი ფაქტი.
ის, რომ ივანიშვილი არის პოზიციაში, როცა გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებში, როგორიცაა პარლამენტი და მთავრობა, რეალურად არ არის ჩართული, არ იღებს მონაწილეობას, არამედ რეალურად მართავს ქვეყანას და მასში მიმდინარე პროცესს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.
მოქალაქეობრივად ცოტა შეურაცხმყოფელიც არის, როცა ის ასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს, გუშინ კი მოიხსნა პარლამენტის წევრობის სტატუსი, შესაბამისად, არ მისცემს ხმას პრეზიდენტს, რომელიც მან დაასახელა. ფორმალურად გადაწყვეტილებებში, რომელიც ქვეყანაში მიიღება, არსად მონაწილეობს. არადა ამ დროს ვხედავთ, რომ მაკრონი ურეკავს. ესეც არის ქვეყნის მართვის არაევროპული კულტურა და ეს არის იმ ღირებულებებთან აცდენა, რომელიც ახასიათებს იმ სივრცეს, ევროკავშირის, ევროატლანტიკურ, დასავლეთის სივრცეს, საითკენაც ჩვენ მენტალურად მივისწრაფვით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
ცნობისთვის, ელისეს სასახლეს ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილთან საუბრისას დაგმო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ზეწოლა, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.
ელისეს სასახლის განცხადების შემდეგ თავისი განცხადება დააკორექტირა "ქართულმა ოცნებამაც" და დაადასტურა, რომ ამ თემაზე საუბარი იყო, სადაც აღინიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე ყველა დამნაშავე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს და რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია.