საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა სებასტიან ლეკორნუ, რომელმაც ეს თანამდებობა ორშაბათს დატოვა.
"პრეზიდენტმა ბატონი სებასტიან ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა“, - ნათქვამია ელისეს სასახლის პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აღიზიანებს ფრანგ ხალხს და ეს არასტაბილურობა, რომელიც ზიანს აყენებს საფრანგეთის იმიჯსა და მის ინტერესებს“,- დაწერა ლეკორნუმ X-ზე.
როგორც უცხოური მედია წერს, ლეკორნუს ხელახლა დანიშვნა მოულოდნელი არჩევანი იყო. სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს პირველი ვადით მხოლოდ 27 დღით იკავებდა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად ხანმოკლეა. ამასთან, მის მიერ შერჩეულ მთავრობის საქმიანობის ხანგრძლივობაც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. გასულ კვირას მან თავისი კაბინეტი წარადგინა, სანამ იმავე ღამეს მისი შინაგან საქმეთა მინისტრი საჯაროდ გააკრიტიკებდა. ორშაბათს დილით კი ლეკორნუმ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.




























