"მალე დავასახელებთ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ფაიზერთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ. დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის“ მილიონზე მეტი დოზა. ასევე მიდის მუშაობა „სინოფარმთან“, „სინოვაკთან“ დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან „Johnson&Johnson-ის და „ნოვავაქსის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ „ნოვავაქსი“, სავარაუდოდ, სექტემბერში შემოვა.
გაბუნიას თქმით, ქვეყანა ელოდება ვაქცინების საკმაოდ დიდ რაოდენობას და მისი ადმინისტრირებისთვის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების და პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილება.
„ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. დღეს თბილისში „სინოვაკის“ დოზებიც საკმარისია, თუმცა რიგ შემთხვევაში, ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის თავისუფალი ადგილები. შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება თავად ვაქცინაციის პროგრამას, გაბუნიას თქმით, ის საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.
„კარგია, რომ ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად, 5000-მდე ადამიანი იცრება, მაგრამ წლის ბოლომდე რომ მივაღწიოთ სამიზნეს - მოსახლეობის 60%-ის აცრას, დღეში 20-25 000 ადამიანის აცრა მოგვიწევს. იმედის მომცემი სურათი არის ვაქცინების მოწოდების ტენდენციასთან დაკავშირებითაც - ჩვენ შეთანხმებები გვაქვს სხვადასხვა მომწოდებელთან, რაც ჯამურად ქმნის 3.7 მილიონ დოზას, რაც ჩვენ გვჭირდება მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისათვის, თუმცა უკვე დაწყებულია მუშაობა მოზარდების ვაქცინაციაზეც და მოგვიწევს ფიქრი იმაზე, რამდენად შევძლებთ მოზარდებზე ვაქცინაციის განვრცობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც გაუზიარებს ვაქცინებს, თამარ გაბუნიამ აღნიშნულის კომენტირებისას თქვა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინების ზუსტი რაოდენობა უცნობია.




























