„ტივი“ - ეს არის ობიექტი, რომელიც ერთი მხრივ მდინარე მტკვარზე განთავსებული, 60 ადამიანზე გათვლილი რესტორანია და მომხმარებელს კერძებისა და სასმლის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, მეორე მხრივ კი მტკვარზე ტივით - კატერით გასეირნების სერვისს აერთიანებს.
როგორც "ტივის" დამფუძნებელი ამბობს, მთავარი იდეა ადგილობრივებში მდინარე მტკვრით დაინტერესებას და ამ სერვისის პოპულარიზაციას ეფუძნება. პირველადი მიზანი ნაწილობრივ შესრულებულია, რადგან დღეს "ტივს" საკმაოდ ბევრი და რაც მთავარია მზარდი მომხმარებელი ჰყავს.
„ტივის“ გეგმებზე „საქმიანი დილას“ ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კორკოტაძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს ორ კვირაში „ტივის“ ბრენდის ქვეშ, მდინარე მტკვარში პირველი გემი გამოჩნდება, რომელიც 30 ადამიანის მომსახურებას შეძლებს. მისივე თქმით, „ტივის“ გემი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მცურავი ობიექტი იქნება, რომელიც მომხმარებლის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველჰყოფს.
„უახლოეს ორ კვირაში მტკვარში პირველი გემი გამოჩნდება. ის 30 ადამიანზე იქნება გათვლილი, ამასთან აღჭურვილი იქნება თანამედროვე სისტემით, მათ შორის კონდიცირებით და გათბობით. გემზე ინტეგრირებული იქნება ელექტრონული გიდი, რომელიც სეირნობის პროცესში თბილისის ისტორიას მოჰყვება.
ახალი მოცურავე ობიექტი მოგვცემს საშუალებას უფრო დიდ ჯგუფებს ვუმასპინძლოთ, ასე კი გავხადოთ მტკვარი კიდევ უფრო პოპულარული. ჯგუფურ ტურებთან ერთად გემზე ღონისძიებების ორგანიზებაც იქნება შესაძლებელი. აქ მომხმარებელი მათ შორის პატარა ქორწილების გადახდასაც შეძლებს“.
ნახევარი საათის განმავლობაში „ტივის“ კატერით გასეირნება ადგილობრივებისთვის 25 ლარი ღირს. ტურისტებისთვის კი ღირებულება 50 ლარია. ფასი ახალი მცურავი ობიექტის შემთხვევაშიც ანალოგიური იქნება.
აღსანიშნავია, რომ „ტივმა“ ოპერირება დაახლოებით 1 წელია დაიწყო. ბიზნესის განვითარებისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 1 500 000 ლარს გადააჭარბა.