“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, საქალაქო სასამართლოში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას BMG-ის თავად ზვიად კორძაძე უდასტურებს.
მისი თქმით, სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას შეეხება.
“სარჩელი შეეხება პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული არასწორ და ცილისმწამებლურ ცნობასთან დაკავშირებით, თითქოს მამუკა ხაზარაძე იყო რეკეტის სქემების თანამონაწილე, წინა ხელისუფლების დროს.
შესაბამისად, მოთხოვნა არის ამ ცნობების უარყოფა, რომელსაც ვთხოვთ ირაკლი კობახიძეს სასამართლოს მეშვეობით. მოლოდინები ჯერ არ ვიცით, დღეს შევიტანეთ სარჩელი და ველოდებით. მოსამართლეს განსაზღვრავენ და ჩაბარდება ბატონ ირაკლი კობახიძეს სარჩელი”, - ამბობს ზვიად კორძაძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძე ბიზნესის რეკეტის სქემაში თანამონაწილეობისთვის ერთი თვის წინ, მედიასთან საუბრისას დაადანაშაულა. ჟურნალისტის კითხვა პარტია “ლელოს” მიერ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნას შეეხებოდა.
“ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მამუკა ხაზარაძეზე შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მაშინ დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო არ არის ამ ყველაფერში…” - განაცხადა კობახიძემ.