„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოს აფასებს.
იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი ვეტოთი დაადასტურა, რომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები.
"დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები. (ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ)
რაც შეეხება ჩვენს კონსტუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!
"ნაცების", მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ - “არა რუსულ კანონს” ჩავარდა", - წერს მდინარაძე.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო. როგორც მან თქვა, ვეტო არის გამართული იურიდიულად და ის დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ეს არის მარტივი ვეტო. ჯერჯერობით უცნობია მოტივირებული შენიშვნების ტექსტი, რომელიც სავარაუდოდ, პარლამენტი გამოაქვეყნებს.