სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე გადაიყვანა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სახელმწიფო მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანიზაციების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. ამ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკა მდინარაძეს პოლიტიკურ საქმიანობასთან ჩამოშორება მოუწია. ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს.
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხვალამდე წარუდგენს და პარლამენტს სთხოვს კანონპროექტი მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს", - განაცხადა კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის პოზიციაზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
1978 წლის 24 ნოემბერს დაბადებულმა მამუკა მდინარაძემ თსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2000 წელს დაამთავრა. 2016 წლიდან კი ის საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიით გახდა. ამის შემდეგ ის უწყვეტად IX, X, XI მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და უმრავლესობის ლიდერიც იყო.
2025 წლის შემოდგომამდე XI მოწვევის პარლამენტში ის იკავებდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) სათადარიგო შემადგენლობის საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო. 2025 წლის 3 სექტემბერს კი სუს-ის უფროსის პოზიციაზე მთავრობის წარდგენილი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
შესაბამისად, სუს-ის უფროსის პოზიციაზე მამუკა მდინარაძეს ერთი წელიც არ უმუშავია. თუმცა 7 თვის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ მისი წოდება 6-ჯერ ვადამდე ადრე გაზარდა. ბოლოს პრემიერმა 20 აპრილის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური ჩინი მიანიჭა.
რა ქონებით მიდის პარლამენტიდან სუს-ში „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი?
დღეისთვის მამუკა მდინარაძის არც ახალი და არც გასულ წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება.




























