საქართველოს მთავრობამ მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვითაც სუსის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს, მორიგი, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება ენიჭება.
შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს მამუკა მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის“ წოდება მიანიჭა. მანამდე კი უსაფრთხოების სამსახურში მისთვის წოდებების მინიჭება შემდეგნაირად ხდებოდა:
- 2025 წლის 3 სექტემბერს მას მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის“ წოდება.
- 2025 წლის 23 ოქტომბერს მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის“ წოდება.
- 2025 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“ წოდება.
- 2025 წლის 26 დეკემბერს (ერთი დღის შემდეგ) — „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“ წოდება.
- 2026 წლის 8 აპრილი - „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი“.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებას კანონი განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
- უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
- საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
- უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
- უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.




























